20 ნოემბერი 2024,   09:19
ვრცლად
სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, გადატვირთული კლინიკები, ვაქცინა, რომელსაც ვადა გაუვიდა - როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ უკვე 10 000-ს გადააჭარბა. ყოველდღიურად 40-ზე მეტი ადამის სიცოცხლე ეწირება ვირუსს. ამ ფონზე კი, ჩატარებული აცრების რაოდენობა, კიდევ უფრო შემცირებულია. ბოლო 24 საათში 1402 ადამიანია ვაქცინირებული. ექიმების პროგნოზი საგანგაშოა.

ქვეყნის მასშტაბით კლინიკებში 6 000-ზე მეტი პაციენტი რჩება. მათი უმრავლესობა ჟანგბადდამოკიდებული, ან მძიმეა. შედარებით ნაკლებად რთული სიტუაციაა პედიატრიულ განყოფილებებში. ციციშვილის საავადმყოფოში რეანიმაციაში 23 ინფიცირებული ბავშვი გადის მკურნალობას, კრიტიკული არცერთის მდგომარეობა არ არის.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, დაბალი ვაქცინაციის ფონზე, შესაძლოა, სეზონურმა ვირუსებმა კიდევ უფრო დაამძიმოს. ქვეყანაში რინოვირუსები უკვე ცირკულირებს, რომელიც covid 19-ის სიმპტომების იდენტურია. ექიმები, კორონავირუსის აცრების პარალელურად, გრიპის ვირუსის ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობენ.

არსებული ეპიდემიოლოგიური რისკების მიუხედავად, ქვეყანაში მკაცრი ზომების ამოქმედება არ იგეგმება. ამირან გამყრელიძე დამატებითი შეზღუდვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესანარჩუნებლად დღეს მთავარი მოწოდებები ვაქცინაციის პროცესში ჩართვაა. ქვეყანაში 17 ათას დოზას "ასტრაზენეკას" გამოყენების ვადა უკვე გაუვიდა. საუბარია იმ დოზებზე, რომელიც დონაციის სახით ივლისსა და აგვისტოში შემოვიდა. რაც შეეხება სხვა ვაქცინებს, "ფაიზერი" 3 თვის განმავლობაში უნდა იყოს გამოყენებული, ჩინური პრეპარატებს კი ვადა კიდევ 2 წელი აქვს.

დღის ამბები