ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კვლავ ფასდება, როგორც მძიმე - მედიკოსები ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდას ვაქცინაციის შენელებული ტემპით მიმდინარეობას უკავშირებენ. ვითარების დასტაბილურების მიზნით სპეციალისტები მკაცრი რეგულაციების დაწესებასაც არ გამორიცხავენ. ექიმები მოსახლეობას კვლავ აცრისკენ და სხვა რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.
"ეპიდსიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, ამას ერთვის ისიც, რომ მობილობა არის გაზრდილი. მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იტარებს ვაქცინაციას და ტემპი საკმაოდ დაბალია. აქედან გამომდინარე ის რისკებიც არსებობს, რომ ჰოსპიტალური სექტორი კიდევ უფრო გადაიტვირთოს.
შესაძლებელია საჭირო გახდეს დამატებითი შეზღუდვების დაწესება. ვაქცინაცია წარმოადგენს მთავარ საბრძოლო საშუალებას პანდემიასთან და მოკლევადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა ასევე მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა," – აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.
მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ არ გაიზრდება ვაქცინირებულთა რაოდენობა, შესაძლოა ქვეყანა მატერიალური და ადამიანური რესურსების კრიზისამდე მივიდეს.
"ეპიდვითარება რთული არის, რისი მიზეზიც არის იმუნიზაციის პროცესში მოსახლეობის მხრიდან მინიმალური ჩართულობა და რა თქმა უნდა, რეკომენდაციების უგულებელყოფა. რესურსი არის ამოწურვადი, როგორც მატერიალური, ასევე ადამიანური რესურსი. საბოლოოდ ეს იმ სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანს, რაც ჩვენ უკვე გავიარეთ. კომბინირებულად როდესაც იქნება დაცული რეკომენდაციები, ჩართული იქნებიან იმუნიზაციის პროცესში, რა თქმა უნდა ეს არის ყველაზე პრევენციული საშუალება დაავადების თავიდან არიდებისაგან," - აცხადებს აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი ნათია გორდაძე.