20 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
მჯერა, რომ ეს იყო ბოლო პოლარიზებული არჩევნები საქართველოში და მომდევნო 2024 წლის არჩევნები, ბევრად უფრო ჯანსაღ გარემოში ჩატარდება – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არჩევნების საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მან ყურადღება გაამახვილა გასული ერთი წლის განმავლობაში არსებულ გამოწვევებზე და იქვე მადლობა გადაუხადა საერთაშორისო დამკვირვებლებს დადებითი შეფასებებისთვის

"30 ოქტომბერს დასრულდა არამხოლოდ თვითმართველობის არჩევნები, არამედ ერთწლიანი რთული პოლიტიკური პროცესი. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენ ძალიან ბევრი სირთულე გამოვიარეთ. ეს იყო პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური, სოციალური პრობლემები, ექვსთვიანი ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟი, პოლიტიკური შანტაჟი და ამ ფონზე ციხიდან გაშვებული ორი დამნაშავე, პრემიერ მინისტრის მხრიდან ღალატი ქვეყნისა და ჩვენი გუნდისთვის ყველაზე კრიზისულ მომენტში, რისი ლოგიკური გაგრძელებაც იყო მისი მხრიდან პარტიის შექმნა და არჩევნებში მონაწილეობა. 

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ დამაჯერებლად მოვიგეთ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები. ასევე მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმი და 47%-იანი მაჩვენებლით, ფაქტობრივად გავიმეორეთ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგი. ამ შედეგმა არამხოლოდ დაადასტურა ქართველი ხალხის ნდობა „ქართული ოცნებისადმი“, არამედ დაამტკიცა, რომ ექსთვიანი საუბარი საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე იყო სრული ფარსი და სიცრუე. მადლობას ვუხდი საერთაშორისო დამკვირვებლებს, განსაკუთრებით ეუთო/ოდირის მისიას არჩევნებზე დაკვირვებისთვის და დადებითი შეფასებისთვის. 

ამ არჩევნების ყველაზე პრობლემური მხარე, რასაც ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი აღნიშნავდა, იყო პოლარიზიის ძალზედ მაღალი ხარისხი და უკიდურესად პოლარიზებული მედია იყო... მჯერა, რომ ეს იყო ბოლო პოლარიზებული არჩევნები საქართველოში და მომდევნო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, ბევრად უფრო ჯანსაღ გარემოში, საარჩევნო პროგრამების გარშემო აგებული, ჯანსაღი პოლიტიკური დებატების ფონზე ჩატარდება.“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე.

 

დღის ამბები