თბილისში წინა წელთან შედარებით ბინებისა და კერძო სახლების ფასმა მოიმატა. საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასებთან დაკავშირებით საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად ინდექსის წლიურმა ზრდამ - 8.9% შეადგინა, ხოლო 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი - 6.2 %-ით არის გაზრდილი.
2020 წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით 2021 წლის მესამე კვარტალში ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში -კერძო სახლებზე 13.5 %-ით, ხოლო ბინებზე 7.3 %-ით.
ახალაშენებული ბინა ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონშია, აქ 1კვ.მ ფასი საშუალოდ 4089 ლარია. შემდეგ მოდის ვაკე 1 კვ.მ - 3612 ლარი და საბურთალო 1 კვ.მ - 2986 ლარი.
საქსტატის ანგარიშის თანახმად ბინები ყველაზე იაფი სამგორის რაიონშია 1 კვ.მ - 2332 ლარი.
რაც შეეხება კერძო სახლებს, აქ ყველაზე ძვირი უბნების სამეული იგივეა, თუმცა მცირედი ცვლილებებით, ბინებისგან განსხვავებით კერძო სახლები ვაკეში უფრო ძვირია (1 კვ.მ - 3510 ლარი.) ვიდრე მთაწმინდაზე (1 კვ.მ - 3400 ლარი.). მესამე ადგილზე აქაც საბურთალოა (1 კვ.მ - 2650 ლარი.).
რაც შეეხება ბინების საშუალო ღირებულებას მათი მდგომარეობის (კარკასის) მიხედვით. 1 კვ.მ მწვანე კარკასის საშუალო ფასი 3020 ლარია, 1 კვ.მ თეთრი კარკასის საშუალო ფასი 2714 ლარი, ხოლო 1 კვ.მ შავი კარკასის საშუალო ფასი 2200 ლარი.
მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ საქსტატის ანგარიშიდან ვგებულობთ იმასაც, რომ ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 7425 ნებართვა, სამშენებლო სამუშაოებზე გაცემული ნებართვების 47% სწორედ თბილისზე მოდის.
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების მიხედვითაც თბილისი ლიდერობს. 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1155.4 ათასი კვ.მ ფართობის 1708 ობიექტი, მათგან 27.8% სწორედ თბილისშია.