20 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
სამონასტრო კომპლექსის დატოვება ნებით ან პოლიციის ძალით - პატრიარქის მდივნის წერილი ჭყონდიდში და განკვეთილი ბერების პასუხი

საპატრიარქომ ჭყონდიდის ეპარქიაში წერილი გაგზავნა, რომელშიც მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი ბერებისგან საპატრიარქოს სამონასტრო კომპლექსის დატოვებას მოითხოვს. ვადა ხვალამდეა - წინააღმდეგ შემთხევაში მათ ტერიტორიას პოლიციის ძალით დაატოვებინებენ. თბილისიდან გაგზავნილი წერილი 29 ოქტომბრით თარიღდება, ხელს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აწერს.

მიმართვის ადრესატები არიან ნასყიდა ღუდუშაური (ყოფილი ბერ.დიაკონი პეტრე),მიხეილ მდივანი (ყოფილი მონაზონი ათინოგენი) ტარიელ გვილავა (ყოფილი მონაზონი დანიელი) თამაზ სხულუხია  (ყოფილი მონაზონი ამბროსი) ბაჩუკი ხელაია (ყოფილი მონაზონი დავითი), ბათა (ავთანდილ) გვილავა (ყოფილი მონაზონი ბასილი), მარკოზ წულაია (ყოფილი მონაზონი მარკოზი)

"დღემდე თქვენი მხრიდან  ადგილი აქვს ურჩობას, აგრძელებთ რა საეკლესიო ქონებით თვითნებურად სარგებლობას და ხელს უშლით მღვდელმსახურების აღსრულებას.  საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმებით, აგრეთვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გარანტირებული და დაცულია საეკლესიო ქონების ხელშეუხებლობა და მღვდელმსახურებისთვის ხელის შეშლის აღკვეთა.

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური  ეკლესიის საქმიანობის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი და საეკლესიო ქონების კანონიერი მესაკუთრე, საქართველოს საპატრიარქო, არ დაუშვებს, რომ მღვდელმსახურებას შეეშალოს ხელი და საეკლესიო ქონებით ისარგებლოს, ან განკარგოს არაუფლებამოსილმა პირებმა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, 2021 წლის 4 ნოემბრამდე შეწყვიტოთ საეკლესიო ქონებით უკანონოდ სარგებლობა და განკარგვა და დაემორჩილოთ ადგილობრივ მღვდელმთავარს," -ნათქვამია მიქაელ ბოტკოველის მიერ გაგზავნილ წერილში.

პატრიარქის მდივნის წერილს უკვე უპასუხეს განკვეთილმა ბერებმაც. როგორც ისინი აცხადებენ,  საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა გამგეობის დებულების თანახმად, იმ სასულიერო პირებისთვის, რომლებსაც ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა მღვდელმსახურების აკრძალვა მიუსაჯა, უკანასკნელი ინსტანცია წმინდა სინოდია და ისინი, ამ დებულების შესაბამისად, ითხოვენ მათი საკითხის გადაწყვეტას. მათი თქმით, ისინი აღნიშნულ მოთხოვნას არ ემორჩილებიან და ბრძოლას აგრძელებენ.

"თქვენი წერილი უხეშად არღვევს დებულების მოთხოვნებს, ამიტომ ეს წერილი კანონიკურად უსაფუძვლოა. თქვენ არ გაქვთ უფლება ჩაენაცვლოთ სინოდის ფუნქციებს და რაც მთავარია, ასეთი უფლება არ გააჩნია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, რომელიც ჩვენს მიერ მძიმე ცოდვაშია ბრალდებული და ამის გამო გავალებთ ჩვენ დასჯას. ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო კანონიკური სამართლის წესებთან, რომელსაც მავანთა თვალის ასახვევად ახსენებთ. პირიქით, თქვენი წერილი კიდევ ერთი დასტურია ქრისტიანული მორალის და სამართლიანობის ფეხქვეშ გათელვისა. ჩვენ ამას არ შევეგუებით და კვლავაც გავაგრძელებთ ბრძოლას ეკლესიაში სამართლიანობის და სიწმინდის დასაცავად,"- აღნიშნულია საპასუხო წერილში, რომელსაც ხელს სწორედ განკვეთილი სასულიერო პირები აწერენ.

ჭყონდიდის ეპარქიაში, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო. ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა. ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მხარდამჭერები ეპარქიის ახალ მმართველს მღვდელმთავარ სტეფანე კალაიჯიშვილს არ ემორჩილებიან და ითხოვენ, რომ საერთო კრებაზე იქნას განხილული პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ბრალდებების სინამდვილე. 

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სასულიერო პირი მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხსა და სამონაზვნო აღთქმის დარღვევაში დაადანაშაულა და მიმდინარე წლის  სექტემბრის თვეში ეკლესიიდან განკვეთა.

დღის ამბები