დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის პროგრამის გასაფართოებლად აგრესიულ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებენ, რომელიც, დაახლოებით, იმ რანგში იქნება, როგორც წინასაარჩევნო საკომუნიკაციო კამპანია.
"საბჭოზე იყო სერიოზული განხილვა ვაქცინაციის შემდგომი განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ. გადაწყვეტილებები არის რომ, პირველი: ძალიან ძლიერი, აგრესიული საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც, დაახლოებით, იმ რანგში იქნება, როგორც არჩევნების დროს არის ხოლმე საკომუნიკაციო კამპანია.
ქალბატონმა პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, ასევე პრემიერმა შესაბამისი დავალებები გასცა, რომ ამ კამპანიაში ყველა პირველი პირი უნდა იყოს ჩართული და არა მარტო დღევანდელი მმართველი პარტიის, არამედ წინადადება იქნებ განვიხილოთ ყველამ ერთად, რომ პანდემიის თემა, რომელმაც 10 000 ადამიანის სიცოცხლე წაიღო უკვე საქართველოში, ყოველდღიურად 50 ადამიანი გვიკვდება, ეს თემა იქნებ ჩამოვაშოროთ პოლიტიკას როგორმე,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.