20 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო - საკოორდინაციო საბჭო ე.წ. მწვანე პასპორტის შემოღებას გეგმავს

პანდემიის დაწყებიდან პირველად, პრეზიდენტი საკოორდინაციო საბჭო სხდომას დაესწრო. ხელისუფლების მისამართით გაკეთებული საგანგებო განცხადებიდან რამდენიმე საათში, სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილებების მიმღები პირველი პირებისგან მოისმინა მოსაზრება სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით. გაირკვა, რომ საბჭო პოზიციებს ჯერ არ ცვლის, თუმცა, პრეზიდენტის ინიციატივაზე იმსჯელებს.

მკაცრი ზომები, სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის - ეს ამონარიდებია პრეზიდენტის განცხადებიდან. ეპიდემიოლოგებისთვის სიტყვა "ვალდებულების" გარდა, განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდა არავაქცინირებული პაციენტებისთვის ფასიანი სერვისების შემოღება. პაატა იმნაძე ამბობს, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს საკანონმდებლო ინიციატივა სჭირდება და იდეის განხორციელების წინააღმდეგია.

ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ სავალდებულო ვაქცინაცია, მხოლოდ გარკვეული სამიზნე ჯგუფებისთვის - ექიმებისა და მასწავლებლებისთვის უნდა იყოს აუცილებელი.

დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შეთანხმდნენ, ე. წ. მწვანე პასპორტის ამოქმედება ქვეყანაში დროულად უნდა მოხდეს. საკითხზე მსჯელობა საბჭოს წევრებს პრეზიდენტის ინიციატივამდეც დაწყებული ჰქონდა. 2 დღის ვადაში გაირკვევა დეტალები, თუ რა პრივილეგიით ისარგებლებენ ვაქცინირებული ადამიანები.

დღეს საბჭოზე პირველად მისულმა პრეზიდენტმა ვაქცინაციის კამპანიაში ჩართვის სურვილიც გამოთქვა. პრემიერ-მინისტრმა კი კონკრეტული დავალებები გასცა - ვაქცინაციის გააქტიურების პროცესში ყველა უწყების პირველი პირი უნდა ჩაერთოს და იმუნიზაცია უმთავრესი უნდა გახდეს.

დღის ამბები