20 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
ვეგეტარიანული კვება - უქმნის თუ არა საფრთხეს ჯანმრთელობას ცხოველური ცხიმების რაციონიდან სრულად ამოღება და რა პროდუქტით ჩავანაცვლოთ ისინი

ვეგეტარიანელობა და ჯანმრთელობა - რა პროდუქტებით შეიძლება ხორცის ჩანაცვლება და ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობით ცილის, ცხიმის და რკინის მიღება.

ვეგეტარიანელობა ცხოვრების წესია, რომელიც უპირველეს ყოვლისა კვებით ხასიათდება, რომელიც ნებისმიერი ცხოველის ხორცს გამორიცხავს (ასევე ფრინველის, თევზის და ა.შ.).

ვეგეტარიანელობის ერთ-ერთი კლასიფიკაცია ვეგანობაა, რომლის მიმდევრებიც უარს აცხადებენ არა მარტო ცხოველური წარმოშობის საკვებ პროდუქტზე და სხვადასხვა დანამატებზე, რომლებიც ცხოველების გამოყენებით მზადდება, ასევე საოჯახო ნივთებზეც, ტანსაცმელზეც და მათ შორის კოსმეტიკაზეც, რომელიც ცხოველებზე გაიტესტა. 

 

რა პროდუქტებით არის შესაძლებელი ვეგეტარიანელებისთვის ხორცისა და რძის ნაწარმის  ჩანაცვლება?

რაც შეეხება კონკრეტულად კვებას, როგორც დიეტოლოგ-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა "რუსთავი 2-თან" საუბრისას აცხადებს, ვეგეტარიანელობის ყველა ტიპი სამედიცინო თვალსაზრისით, რიგ შემთხვევებში მხოლოდ გარკვეულ ასაკშია გამართლებული. სპეციალისტების განმარტებით, მოზარდთა ასაკში, როდესაც ჯერ კიდევ ორგანიზმში ჩამოყალიბების პროცესები მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია ადამიანმა ცხოველური ცილები და ცხიმები მიიღოს. ლაშა უჩავას განმარტებით, სწორედ ამიტომ მოზარდთა ასაკში ვეგეტარიანელობის რომელიმე ტიპის კვების დაცვა არ არის რეკომენდებული.

თუმცა, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, ვეგანური კვების დროსაც შესაძლებელია სწორად ვიკვებოთ და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები მცენარეულით ჩავანაცვლოთ.

"არსებობს ვეგეტარიანელობის რამდენიმე ტიპი: ლაქტო, ლაქტო-ოვო და ვეგანობა, რომელიც კვების ერთ-ერთი უძველესი სტილია და გულისხმობს გარკვეული პროდუქტების სრულ ამოღებას საკვების რაციონიდან, რაც სამედიცინო თვალსაზრისით, რიგ შემთხვევებში გამართლებულია მხოლოდ გარკვეულ ასაკში, რადგან პატარა და მოზარდთა ასაკში, მაშინ, როდესაც ორგანიზმში ჩამოყალიბების პროცესები დასრულებული არ არის, მნიშვნელოვანია მივიღოთ ცხოველური ცილები და ცხიმებიც, ამიტომ, მოზარდთა ასაკში მსგავსი კვების სტილის დაცვა არ არის რეკომენდებული.

ჯანსაღი, რაციონალური კვებისას ჩვენ ვგულისხმობთ, რომ აუცილებელია ორგანიზმს მივაწოდოთ ისეთი ნივთიერებები, რომლებიც საჭიროა ჩვენი ცხოველმყოფელობისათვის. ესენია: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები და წყალი.

ჩვენ ამ ყველაფრის შემდეგ გაგვიჩნდება კითხვა - ვიკვებებით კი ჩვენ ჯანსაღად მარხვის დროს, როცა არ ვიღებთ ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა რძე და რძის ნაწარმი, ან კიდევ ხორცი, რომლებიც მდიდარია ცილებითა და ცხიმებით?

დიახ, ჩვენ შეგვიძლია ვიკვებოთ სწორად ვეგანური კვების დროსაც, რადგან ცხოველური წარმოშობის ცილოვანი და ცხიმოვანი პროდუქტები შეგვიძლია ჩავანაცვლოთ მცენარეული წარმოშობის პროდუქტებით," - აცხადებს დიეტოლოგ-ენდოკრინოლოგი.

 

როგორია სპეციალისტების რეკომენდაციები, კვების სტილის შეცვლამდე რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს ადამიანმა და რა შემთხვევებში არ არის რეკომენდებული ვეგეტარიანული კვება?

ლაშა უჩავა განმარტავს, რომ ნებისმიერი კვებითი ცვლილებისას, აუცილებელია ორგანიზმი იყოს სრულად გამოკვლეული და დიაგნოსტირებული, უნდა ჩატარდეს საჭირო ლაბორატორიული ტესტები როგორებიც არის მაგალითად: მინერალების, მიკრო-მაკროელემენტების და ვიტამინების კლვევა. ლაშა უჩავას თქმით, კალციუმის დეფიციტის შემთხვევაში არ არის რეკომენდებული რძის პროდუქტების შეზღუდვა, ხოლო რკინის მკვეთრი დეფიციტის დროს უნდა მოხდეს დანამატების მიღება.

არასწორი კვების დროს შესაძლოა ისეთმა დაავადებებმა იჩინოს თავი, რომლებიც გონებრივ შესაძლებლობებზე უარყოფით გავლენას ახდენენ.

"თუმცა, აუცილებელია ნებისმიერი კვებითი ცვლილებისას ორგანიზმი იყოს დიაგნოსტირებული, ჩატარდეს გარკვეული ლაბორატორიული ტესტები, მაგალითად: მინერალების, მიკრო-მაკროელემენტების და ვიტამინების კვლევა, რადგან თუ არის კალციუმის დეფიციტი, ამ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული შეიზღუდოს რძის პროდუქტი ან თუ არის რკინის მკვეთრი დეფიციტი (რკინა დეფიციტური ანემია) ამ დროს უნდა მოხდეს დანამატების გამოყენება, რომ ზიანი არ მივაყენოთ ორგანიზმს.

არასწორი კვება შეიძლება გახდეს ზოგიერთი დაავადებების მიზეზი, რაც უარყოფით გავლენას ახდენს გონებრივ შესაძლებლობაზე და ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას," - ამბობს დიეტოლოგი.

 

რა არის სწორი კვების პრინციპები და რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მდგრად იმუნურ სისტემას ზიანი არ მივაყენოთ?

იმისათვის, რომ ვეგანური კვების დროს თავი შეუძლოდ ან სუსტად არ იგრძნოთ, აუცილებელია სწორი კვების პრინციპების დაცვა. ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგ ლაშა უჩავას "რუსთავი 2-თან" კონკრეტული მაგალითები მოჰყავს, თუ რომელი პროდუქტით რისი ჩანაცვლება შეიძლება ისე, რომ ორგანიზმმა საჭირო ცილები და ცხიმები მიიღოს.

"იმისათვის, რომ ვეგანური კვების დროს თავი შეუძლოდ და სუსტად არ ვიგრძნოთ, აუცილებელია სწორი კვების პრინციპების დაცვა, მაგალითად: თუ საკვებიდან ამოვიღებთ ქათმის ხორცს, 100 გრამ პროდუქტზე დავკარგავთ 20.8 გრამ ცილას და 8.8 გრამ ცხიმს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ჩავამატოთ ლობიოთი, სადაც 100 გრამ პროდუქტზე მივიღებთ 22.3 გრამ ცილას და 1.7 გრამ ცხიმს, რაც სასარგებლოა ასევე ჩვენი ორგანიზმისთვის, რადგან ვიღებთ უფრო მეტ საშენ მასალას და ნაკლებ ცხიმს.

ასევე რძის ნაწარმზეც, მაგალითად: თუ ჩვენ კვების რაციონიდან ამოვიღებთ ყველს, რომელიც 100 გრამ პროდუქტზე შეიცავს 23.4 გრამ ცილას და 30.0 გრამ ცხიმს, ჩვენ შეგვიძლია უფრო დიდი რაოდენობით მივიღოთ ყვავილოვანი კომბოსტო, რომელიც 100 გრამ პროდუქტზე შეიცავს 2.5 გრამ ცილას და საერთოდ არ შეიცავს ცხიმს, რაც შეგვიძლია ორგანიზმს მივაწოდოთ უმჯობესია სიმინდის ან ზეითუნის ზეთის სახით.

იმისათვის, რომ ზიანი არ მივაყენოთ ორგანიზმს და განსაკუთრებით იმუნურ სისტემას, ვინაიდან ორივე დიდი მარხვა სეზონურად არის ვირუსებისა და ინფექციების გაღვივების დროს, აუცილებელია რაციონში ჩართული იყოს დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული, რათა ორგანიზმი შევავსოთ მიკრო-მაკროელემენტებით და ვიტამინებით, ვინაიდან სწორედ ეს უკანასკნელნი უზრუნველყოფენ ჩვენს ორგანიზმში მდგრად იმუნურ სისტემას, რომელიც მნიშვნელოვანია ინფექციების, ვირუსებისა და მავნე ბაქტერიებთან ბრძოლისათვის," - განაცხადა ლაშა უჩავამ.

 

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ საკვებ პროდუქტებთან ერთად გარკვეულ დანამატებს მივიღებთ, ვისთან უნდა გავიაროთ კონსულტაცია გარკვეული პრეპარატებისა და ვიტამინების მიღებაზე?

ექიმი ნუტრიციოლოგ-დიეტოლოგი ნატა გაგუა "რუსთავი 2-თან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ვეგანებთან დაკავშირებით უფრო რთული სამუშაოა ჩასატარებელი, ვიდრე ჩვეულებრივ ვეგეტარიანელებთან. ნატა გაგუა განმარტავს, რომ მსგავს ვეგანურ კვებაში აუცილებელია სწორად და სიღრმისეულად შესვლა და არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პიროვნება ამას სპეციალისტის დახმარების გარეშე ვერ უმკლავდება.

რაც შეეხება დამატებითი პრეპარატებისა და/ან ვიტამინების მიღებას, სპეციალისტების განმარტებით, აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის და საჭირო გამოკვლევების შედეგად დაინიშნოს მათი მიღება. თვითნებურად მსგავსი პრეპარატების მიღება დაუშვებელია.

იმ შემთხვევაში, თუ ვეგეტარიანელობისა ან ვეგანობის გადაწყვეტილება ადამიანმა გარკვეული ასაკიდან გაცნობიერებულად მიიღო, ყველა საჭირო კვლევა ჩაიტარა და მისი ჯანმრთელობა ამას ხელს უწყობს, მაშინ მსგავსი კვების სტილი პრობლემებს არ გამოიწვევს.

"იდენტური პროდუქტი არ არსებობს, უბრალოდ შეიძლება კომბინაცია სხვადასხვა პროდუქტების, რომლებიც ამოავსებენ ცილის და ცხიმის დეფიციტს, რაც ვეგეტარიანელებს აკლიათ.

ვეგანებთან დაკავშირებით უფრო რუტინული სამუშაოა, ძალიან სწორად და სიღრმისეულად შესასვლელი და ხანდახან მხოლოდ პიროვნება ვერ უმკლავდება, სპეციალისტი სჭირდება იმიტომ, რომ ეწყებათ რკინის დეფიციტი და ა.შ.

რაც შეეხება პრეპარატებს, ეს უკვე ინდივიდუალურია, როდესაც ექიმმა იცის პიროვნების ანამნეზი, ზეპირად არ შეიძლება აქ ვიტამინების დანიშვნა და მით უმეტეს პრეპარატების. 

თუ კარგად არის ადამიანი დაკვალიანებული, ჯანმრთელია და გარკვეული ასაკიდან გაცნობიერებულად მიიღო ეს გადაწყვეტილება, ფსიქოლოგიურად მზად არის, რომ დიდი დრო დაუთმოს თავის კვების რაციონს და ცხოვრების სტილს, მაშინ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ კორექცია ყოველთვის საჭიროა და ყურადღება, ანალიზების ჩაბარება, გავლა ძირითადი მონაცემების მინიმუმ წელიწადში ერთხელ. განსაკუთრებით ქალებს ეხება, იმიტომ, რომ მენსტრუალური ციკლის დროს რკინას კარგავენ სისხლთან ერთად," - განმარტავს ნატა გაგუა.

დღის ამბები