სალხინოს მამათა მონასტერში დაპირისპირება დილის 7 საათზე დაიწყო. ჭყონდიდის ეპარქიაში ხმაურს 8-მდე განკვეთილი სასულიერო პირის განყოფილებაში გადაყვანაც მოჰყვა. რამდენიმე საათიანი გამოკითხვის შემდეგ კი დასჯილმა მღვდლებმა დაწესებულება დატოვეს. მედიასთან მათ დილით განვითარებული მოვლენები დეტალურად გაიხსენეს, განმარტეს, რომ კონფლიქტი სალხინოს მონასტერში საპატრიარქოს მოთხოვნამ გამოიწვია – დაეტოვებინათ ტერიტორია და დაეთმოთ ქონება.
სალხინოს მამათა მონასტრის კელიები, იქ, სადაც დილით დასჯილი სასულიერო პირები იყვნენ, დღის პირველივე ნახევარში ჩოხოსანთა საზოგადოების წარმომადგენლებმა დაიკავეს. განკვეთილების პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. ისინი მონასტრის საძმოს გარდა სხვა პირების შესვლას სალხინოში ეწინააღმდეგებოდნენ.
ჩოხოსანთა საზოგადოების წარმომადგენლებმა ეპარქიის ტერიტორია დღის განმავლობაში რამდენჯერმე დატოვეს, თუმცა, უკომენტაროდ. გავრცელებული ცნობით, ისინი ადგილზე ქონების აღწერას ატარებდნენ.
დღის ბოლოს, სალხინოს მამათა მონასტერში განვითარებულ მოვლენებს ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანეც გამოეხმაურა. მან ბრალდებები მისი მისამართით უარყო და პირიქით, ძალადობრივ ქმედებებში დასჯილი სასულიერო პირები დაადანაშაულა.
ხმაური სალხინოში დღეს დილით დაიწყო. მთელი დღის განმავლობაში კი ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ეპარქიაში მიმდინარე დაპირისპირების ორივე მხარე უკვე გამოიკითხა.