20 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
წამება და სექსუალური ძალმომრეობითი ქმედება - პროკურატურა მეგის ქარდავას ახალ ბრალდებას უმზადებს 

სექსუალური ძალადობა და წამება სამეგრელოს კუდის შენობაში - საქართველოს გენერალური პროკურატურა მეგის ქარდავას რიგით მე-12 სისხლის სამართლის საქმეზე ახალ ბრალდებას უმზადებს.

გამოძიების მტკიცებით, 2011 წლის 31 მარტს სამეგრელოში, კუდის შენობაში ტერაქტის მზადების ბრალდებით დაკავებულებს ბრალის აღიარებას წამების სასტიკი მეთოდებით აიძულებდნენ. ახალი სისხლის სამართლის საქმეზე მეგის ქარდავას გამოკითხვას გამომძიებლები დღეს გეგმავდნენ, თუმცა საპყრობილეში ჩვენების მიცემაზე ქარდავამ კატეგორიული უარი თქვა. 

საქმის პროკურორი უკვე მოპოვებულ უტყუარ მტკიცებულებებზე საუბრობს. მასალების მიხედვით, ქარდავასთან ერთად, დაკავებულებს წამებით და სექსუალური ძალადობით, არჩადენილი დანაშაულის აღიარებას სხვა ყოფილი თანამდებობის პირებიც თხოვდნენ.

2011 წელს, ტერაქტის მზადების საქმეზე რამდენიმე პირის დაკავების კადრებს, "კურიერის" არქივიც ინახავს.

მძიმე დანაშაულის ბრალდებით, 2011 წელს დაკავებულებს დღეს დაზარალებულის სტატუსი აქვთ და წლების წინ მიცემულ აღიარებით ჩვენებას სასტიკ წამებას უკავშირებენ. მათი ჩვენების საფუძველზე კი, 11 სისხლის სამართლის საქმეზე უკვე მსჯავრდებულ და ბრალდებულ ქარდავას მე-12, ახალი ბრალი ემუქრება.

ის ქართული მართლმსაჯულების წინაშე, 2 თვის წინ, უკრაინიდან ექსტრადირების შემდეგ წარსდგა. სად-ის ყოფილ უფროსს და პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს უმეტეს შემთხვევაში წამებას და ძალადობას ედავებიან. მეგის ქარდავას 9 წლიანი სასჯელის ათვლა რუსთავის N12 საპყრობილეში 17 სექტემბერს დაიწყო.

 

 

დღის ამბები