დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ვაქცინაციასა და ეკლესიის პოზიციაზე საუბრობს.
როგორც პაატა იმნაძე ამბობს, უკეთესი იქნებოდა, თუ ეკლესია მრევლს ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა, რადგან, მისი თქმით, არიან სასულიერო პირები, რომლებიც აშკარად ანტივაქსერულ პროპაგანდაში არიან ჩართულები.
"ეკლესიის პოზიცია კიდევ ერთხელ გამოიხატა, რამდენადაც ვიცი, გუშინ, თუ არ ვცდები, თქვეს, რომ არ არიან ვაქცინაციის წინააღმდეგები. ეს არის ოფიციალური პოზიცია, რომ ჩვენი ეკლესია, წმინდა სინოდი არ არის ვაქცინაციის მოწინააღმდეგე. რა თქმა უნდა, ჩვენ გაცილებით უფრო გაგვიხარდებოდა, რომ კურთხევა მიეცათ ვაქცინაციაზე მრევლისთვის. იმიტომ, რომ არიან სამწუხაროდ ისეთი მამაოები, რომლებიც აშკარად ანტისავაქცინაციო პროპაგანდაში არიან ჩართულები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩემი გადმოსახედიდან უკეთესი იქნებოდა, მოეწოდებინათ მრევლისთვის ვაქცინაციისკენ, თუმცა ისინი ამბობენ, რომ ეს ექიმების საქმეაო,“ - ამბობს პაატა იმნაძე.