ჭყონდიდის ეპარქიაში ვითარება პერიოდულად იძაბება. განკვეთილი ბერები და მათი მხარდამჭერი მრევლის წევრები კვლავ სალხინოს მონასტერთან რჩებიან. ისინი ტაძარში შესვლას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
როგორც განკვეთილი ბერების წარმომადგენელმა ზურაბ ცხვიტარიამ განაცხადა, ეკლესიაში არშეშვების ფაქტზე დავა სასამართლოში გადაინაცვლებს.
"ჩვენ ვითხოვთ ადამიანურად ქრისტიანულად შევიდეთ ეკლესიაში, რა თქმა უნდა სასამართლოში აუცილებლად გადაინაცვლებს დავა, მაგრამ მე ვსვამ კითხვას სასამართლომდე აქვს კი ვინმეს უფლება, რომელი უფლებით სარგებლობს კალაიჯაშვილი არ შეუშვას ბერები ეკლესიაში ლოცვაზე, და მრევლი არ შეუშვას,"- განაცხადა ზურაბ ცხვიტარიამ.
ადგილზე იმყოფება მარტვილის პოლიციის უფროსიც, როგორც დავით ოდიშარიამ განაცხადა, განცხადება, რომელშიც განკვეთილი ბერები და მათი მრევლი სალხინოს მონასტრის ეზოში შეშვებას ითხოვენ, პოლიციაში შესულია და მას პასუხი შესაბამის ვადებში გაეცემა:
"განცხადება შემოსულია, თავისი ვადები აქვს, გავეცნობით და წერილობით პასუხს ვაცნობებთ განმცხადებელს," - განაცხადა დავით ოდიშარიამ.
ადგილზე გროვდება ხელმოწერები მიტროპოლიტ სტეფანეს გადადგომის მოთხოვნითაც, გავრცელებული ინფორმაციით, მოთხოვნას ხელი უკვე რამდენიმე ათასმა ადამიანმა მოაწერა.
ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო. ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა.
ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მხარდამჭერები ეპარქიის ახალ მმართველს, მღვდელმთავარ სტეფანე კალაიჯიშვილს არ ემორჩილებიან და ითხოვენ, რომ საერთო კრებაზე იქნას განხილული პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ბრალდებების სინამდვილე.
ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სასულიერო პირი მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხსა და სამონაზვნო აღთქმის დარღვევაში დაადანაშაულა და მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში ეკლესიიდან განკვეთა.
საპატრიარქომ ჭყონდიდის ეპარქიაში წერილი გაგზავნა, რომელშიც მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი ბერებისგან საპატრიარქოს სამონასტრო კომპლექსის დატოვებას მოითხოვს. ვადა 4 ნოემბრამდე იყო. თბილისიდან გაგზავნილი წერილი 29 ოქტომბრით თარიღდება, ხელს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აწერს.
სასულიერო პირებს, რომლებიც მეუფე სტეფანემ სექტემბრის ბოლოს ეკლესიიდან განკვეთა - სალხინოს მონასტერში ყოფნის ვადა 4 ნოემბერს ამოეწურათ. ხმაური და დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში 5 ნოემბერს დილის 6 საათიდან დაიწყო. სალხინოს ეკლესიაში, სადაც განკვეთილი პირები წირვას ატარებდნენ, მეუფე სტეფანე ჩოხოსნებთან ერთად შევიდა. მიტროპოლიტმა შეკრებილებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, უარის შემდეგ კი პროცესში სამართალდამცველები ჩაერთვნენ. მათ რამდენიმე პირი ეკლესიიდან იძულებით გაიყვანეს. დაპირისპირების შემდეგ ნაწილი მათგანი პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
განკვეთილმა ბერები თავის მხარდამჭერებთან ერთად დღეს სალხინოს მონასტერთან შეიკრიბნენ. მონასტერს პოლიციის ცოცხალი კედელი იცავს.