20 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
არეული მონასტერი - ჭყონდიდის ეპარქია საპროტესტო აქციებმა მოიცვა

სალხინოს მამათა მონასტერში მეორე დღეა არეულობაა. ეპარქიის ტერიტორია საპროტესტო აქციებმა მოიცვა. პერიმეტრს ამ დრომდე პოლიცია აკონტროლებს. განკვეთილი ბერები, სალხინოს დატოვებაზე უარს აცხადებენ. დავემორჩილებით სინოდს და არა ერთ მიტროპოლიტს - ასეთია დასჯილების პოზიცია, რომლებსაც მეუფე სტეფანემ ახალ თავშესაფრად ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია შესთავაზა, თუმცა ამ შეთავაზებაზეც უარი მიიღო.

დაპირისპირება მონასტერში დღესაც ხმაურიანი იყო. სასულიერო პირები მრევლთან ერთად პოლიციისგან მონასტრის ტერიტორიის დატოვებას, გზის გათავისუფლებასა და ეკლესიაში შესვლას მოითხოვდნენ.

სასულიერო პირებმა სალხინოში შეკრება დილიდან დაიწყეს. რამდენიმესაათიანი აქცია, კი ადგილზე მრევლის შეკრების შემდეგ დაიწყო. ისინი ცდილობდნენ მიეღოთ პასუხი კითხვაზე: რას უპირებენ ეკლესიიდან განკვეთილ პირებს. ამასთან ერთად სალხინოში შეკრებილების მთავარი მოთხოვნა ჭყონდიდის ეპარქიიდან მეუფე სტეფანეს წასვლაა. თავად მიტროპოლიტი, მედიასთან არ გამოჩენილა. ბოლო პრესკონფერენციაზე, რომელიც მან ეპარქიაში გუშინ გამართა, პირიქით, დასჯილი სასულიერო პირები, ძალადობრივ ქმედებებში დაადანაშაულა.

დაიწერა წერილიც, რომლის ადრესატები სამართალდამცველები, ხოლო ავტორები განდევნილი ბერების მხარდამჭერები არიან. მათ განცხადებით, მარტვილის სამმართველოს აქციის დაწყებამდე მიმართეს. ავტორების მოთხოვნა ერთია, მიეცეთ განდევნილებს სალხინოს ეკლესიის ტერიტორიაზე შესვლის უფლება. განკვეთილ ბერებს ჰყავთ ადვოკატიც, რომელიც საკითხის სამართლებრივი გზით მოგვარებას აპირებს.

დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ მას შემდეგ გამწვავდა, რაც განკვეთილ სასულიერო პირებს ეკლესიის ტერიტორია სამართალდამცველებმა დაატოვებინეს. ფაქტს საპატრიარქოს გამაფრთხილებელი წერილი უძღოდა წინ, რომელიც დასჯილმა სასულიერო პირებმა 1 კვირის წინ მიიღეს. საპატრიარქო წერდა, რომ ისინი სექტემბრის შემდეგ ეპარქიის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდნენ, თვითნებურად ეუფლებოდნენ საეკლესიო ქონებას და ხელს უშლიდნენ მღვდელმსახურების აღსრულებას. ადრესატებს ტაძრის ტერიტორიაზე ყოფნის ბოლოს ვადა 4 ნოემბრამდე ქონდათ.

 

დღის ამბები