თუკი "ფეისბუქზე" საეჭვო გვერდი დაბალპროცენტიან, სწრაფ სესხს გთავაზობთ, შეიძლება, კიბერშეტევის მსხვერპლი გახდეთ.
მსგავსი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლა. უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით ირკვევა, რომ 23 წლის კაცმა მომხმარებლებისგან ფულის გამოძალვის მიზნით, "ფეისბუქის" ყალბი გვერდი შექმნა. გამოძიებით, ამ ეტაპზე, დადგენილია 14 დაზარალებული, მათთვის მიყენებული ზარალი კი 3 930 ლარს შეადგენს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.შ.-მ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ შექმნა გვერდი, რომლის საშუალებითაც მას მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავდა, თითქოს დაბალპროცენტიან სწრაფ სესხებს გასცემდა.
დაინტერესებული მოქალაქეები აღნიშნულ გვერდზე საკუთარ საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებს აგზავნიდნენ, რომლებიც, რეალურად ლ. შ.-ს პირად გვერდზე იგზავნებოდა. მონაცემების მიღების შემდეგ, ბრალდებული მოქალაქეების კუთვნილი ანგარიშებიდან ტოტალიზატორის ანგარიშზე სხვადასხვა თანხას ირიცხავდა, შემდეგ კი პლასტიკური ბარათით ანაღდებდა.
იმ 14 დაზარალებულიდან, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტრო საუბრობს, ერთ-ერთი თეა მარგველაშვილია. ის "კურიერთან" დეტალურად იხსენებს, თუ როგორ გადაუგზავნა პირადი საბანკო მონაცემები პირს, რომელიც ამ დროისთვის დაკავებულია.
დეტალების გასარკვევად "კურიერის" გადამღები ჯგუფი დღეს თბილისში დაკავებულის სახლში მივიდა, თუმცა 23 წლის კაცის ოჯახის წევრებმა კამერებთან საუბარი არ ისურვეს. თბილისისგან განსხვავებით, მედიასთან საუბრობენ დაკავებულის მეზობლები გორში, სადაც ბრალდებული რამდენიმე წლის წინ ცხოვრობდა.
იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულ ახალგაზრდას ბრალი დაუმტკიცდა, მას საპყრობილეში ყოფნა 6-დან 10 წლამდე მოუწევს.