აქციაზე გარდაცვლილი ჯახანდარ გუსეინოვის ცხედარი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტნუსში დღეს გამთენიისას გადაასვენეს. 60 წლამდე მამაკაცის ოჯახის წევრები გარდაცვალების ზუსტ მიზეზებზე ვერ საუბრობენ, თუმცა ჰყვებიან, რომ გუსეინოვს ჯანმრთელობის პრობლემები ნამდვილად ჰქონდა.
გარდაცვალებიდან მალევე გუსეინოვის ნათესავებმა მის პოლიტიკურ შეხედულებებზეც ისაუბრეს. მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ მამაკაცი აქციაზე იმყოფებოდა.
ოჯახის ახლობლები ამტკიცებენ, რომ მამაკაცი აპოლიტიკური იყო, არ იღებდა მონაწილეობას აქციებში და არ იყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი. ჰყვებიან, რომ დმანისიდან აქციაზე ხალხი "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით წავიდა.
შემთხვევა გუშინ მოხდა. მამაკაცი რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა .
მომხდარიდან მალევე, ოპოზიციამ ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულა. ”ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებას, რომ აქციაზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი მობილიზებული არ იყო, გადაუდებელი დახმარების ცენტრმა უპასუხა. განცხადებაში ნათქვამია, რომ თავად აქციის ორგანიზატორებს არ მიუმართავთ ეკიპაჟის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსების შესახებ. გავრცელებულ განცხადებაში ასევე არის ინფორმაცია რეაგირების დროსთან დაკავშირებით. კერძოდ გამოძახების მიღებიდან სასწრაფო რუსთავის ციხესთან 13 წუთში მივიდა. 10 წუთის შემდეგ კი პაციენტი უკვე კლინიკაში გადაჰყავდათ.
ჯახანდარ გუსეინოვის გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.