დანიაში პანდემიის მესამე ტალღისთვის ემზადებიან. ინფიცირების დღიური რიცხვი, სექტემბერთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა. ქვეყანაში, სადაც სექტემბერში თითქმის ყველა რეგულაცია გაუქმდა, გასართობ დაწესებულებებში შესასვლელად მთავრობა ციფრული კოვიდ-პასპორტების აღდგენას აქტიურად განიხილავს.
8%-ითაა გაზრდილი სიკვდილიანობა დიდ ბრიტანეთში, ხოლო საფრანგეთში, აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი დაფიქსირდა. რთული გამოწვევების წინაშეა რუმინეთის ჯანდაცვის სისტემა, სადაც მორგებში გარდაცვლილთა რაოდენობას ვეღარ უმკლავდებიან. ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი 39%-ს არ აღემატება.
ბუქარესტის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მენეჯერის, კატალინ სირსტუს თქმით, სიკვდილიანობის დღიური რიცხვი ერთი სოფლის მოსახლეობას უტოლდება.
"ყველაზე მეტად მაწუხებს, რომ ხალხი ეჭვქვეშ აყენებს იმ სიტუაციის რეალურობას, რაც აქ საავადმყოფოშია. მოსახლეობას აინტერესებს ეს ყველაფერი, ხალხის დაშინებას ემსახურება თუ არა. დღიურად რამდენიმე ასეული გარდაცვლილი გვყავს. ეს ერთი სოფლის მოსახლეობას უტოლდება. წარმოიდგინეთ რა შედეგები დადგება კვირის განმავლობაში,"- ამბობს კატალინ სირსტუ.