20 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
გენდერი და მეღვინეობა - უფლებები, თანასწორობა და შესაძლებლობები - რა გამოწვევების წინაშე არიან განსხვავებული ნიშნის მქონე ადამიანები 

ჩვენს საზოგადოებაში, სოციალური მოცემულობები ადამიანების ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია. სქესი, კულტურა, რელიგია, სექსუალური თუ ეთნიკური კუთვნილება - ბევრი ამ და სხვა განმასხვავებელი ფაქტორების პირობებში, არსებობს თანასწორობის პრინციპი, რომელიც 21-ე საუკუნეში განსაკუთრებით აქტუალურ და პრიორიტეტულ საკითხებად გამოიყო სოციუმში.

თავისუფლება და თანასწორობა ადამიანებს შორის - დღეს დემოკრატია და ევროპული ღირებულებები სწორედ ამ ხაზზე გადის. საუკუნეების განმავლობაში ბევრი წინგადადგმული ნაბიჯია გენდერის მიმართულებით, თუმცაღა 21-ე საუკუნეშიც კი, განვითარებად თუ უკვე განვითარებულ ქვეყნებში, არც თუ ისე ცოტა პროცენტია საზოგადოების, რომლებისთვისაც მიუღებელია განსხვავებულის მიღება.

მათ რიცხვს არ ჩამორჩება არც კავკასიის რეგიონის ქვეყნები, სადაც დღეს უმთავრეს პრიორიტეტად ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანება უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. ბევრი რამ შეიცვალა - ცნობიერება ამაღლდა, თეორიულად ვიცით, რომ ძლიერი და სუსტი სქესი არ არსებობს, კარგი ტენდენციაა, თუმცაღა, ეს საბოლოო წარმატება არ არის.

კავკასიის რეგიონი - საქართველო, პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან დამოუკიდებელი, თავისუფალი რესპუბლიკის ჩამოყალიბებამდე ბევრმა წელმა განვლო, თუმცა განვითარების და წარმატების პულსი ყოველწლიურად ძლიერდებოდა. ბევრ გამორჩეულ და ისტორიულ რეგიონს შორის, რომელთა გამოყოფაც თავისი უნიკალური კულტურითა თუ ეკონომიკური დოვლათით საკმაოდ რთულია, საინტერესო და მრავალფეროვანი ღვინის სამშობლო, კახეთი უნდა გამოვყოთ - რეგიონში იკვეთება მამაკაცების როლი იმ უმნიშვნელოვანეს საქმეში, როგორიც არის მეღვინეობა. რატომ? გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით, უმეტესობა თვლის, რომ "ქალს არ შესწევს იმდენი ძალა, რაც მეღვინეობასა და ამ მხრივ, ბიზნესში, წვლილის შეტანას სჭირდება".

No description available.

ქალს მეღვინეობა დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს, რადგან საქართველოში ეს პროფესია მამაკაცურ საქმიანობად მიიჩნეოდა, ნაწილმა  ეს სტერეოტიპი დაანგრია. მეღვინეობის სფეროში გენდერული თანასწორობა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია დაცული.

ბოლო წლებში ქალი მეღვინეები დიდ წარმატებებსაც აღწევენ და მსოფლიო მეღვინეობაში სულ უფრო იზრდება ქალის როლი ამ სფეროში. ქალები აქტიურად ერთვებიან ღვინის წარმოებაში. მსოფლიოს სწრაფი და აქტიური განვითარების პარალელურად, სადაც თითქმის ყოველდღიურად სხვადასხვა სფეროში ახალ მიღწევებს ვხვდებით, ჯერ კიდევ არიან ქვეყნები, რომლებსაც სურთ ფეხი აუწყონ ამ განვითარებას, ამისთვის სრულ მზაობასაც გამოხატავენ, თუმცა გარკვეულ საზოგადოებებში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რომელიც მეტ ჩართულობას საჭიროებს.

ინფორმაცია - ეს არის უპირველესი, რომლის გარეშეც განვითარება, თანასწორობის მიღება და სიახლეებისთვის ფეხის აწყობა რთულია. ადამიანისთვის, რომელიც თავისი არსებით თავისუფლების მოყვარული და მისკენ სწრაფვის ქმნილებაა, შესაძლებლობები ფართო და შეიძლება ითქვას, უსაზღვროა. ამის აღმოჩენის შემთხვევაში, თანამედროვე საზოგადოებაში მნიშვნელობა არ აქვს, არის თუ არა ის ამავე საზოგადოებისთვის "განსხვავბეული" იდენტობის ან თემის წარმომადგენელი. ყველას შეუძლია დასახული მიზანი და ოცნებები აისრულოს და მისკენ სწრაფვა არასდროს შეწყვიტოს.

ერთმანეთის აზრის, შეხედულებებისა და ემოციების მიმართ პატივისცემა არის საწინდარი, ჩამოყალიბდეს თანასწორი საზოგადოება, სადაც ყველას უფლებები, განურჩევლად სქესისა და წარმომავლობისა, იქნეს თანაბრად ხელშეუხებელი. ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს სურვილი და ზუსტად იქ მოსინჯოს ძალები და მისდიოს იმ საქმიანობას, რომელიც მას და მის გარშემო მყოფებს სარგებელს და ბედნიერებას მოუტანს. ბევრი ქალის ოცნებად დღესაც რჩება იმ სფეროში მოღვაწეობის დაწყება, რომელიც ოდითგანვე მხოლოდ მამაკაცის საქმიანობად ითვლებოდა. რა დაბრკოლებას აწყდებოდა ქალი, რომელსაც მეღვინეობა სურდა? ქალების ნაწილი თვლის, რომ ღვინის წარმოებაში მათთვის დაბრკოლება არ არსებობს და ამ საქმის კეთება არ გამოსდით იმაზე ნაკლებად, ვიდრე ამას საპირისპირო სქესის წარმომადგენლები აკეთებენ.

ასეთი გახლავთ მეღვინე ანა გოდაბრელიძე, რომელიც გვიყვება, რომ პროფესიაში დაწყების დღიდან არანაირი პრობლემა არ შექმნია და გენდერული ნიშნის გამო, წარმატების მიღწევაში ხელი არ შეშლია.

"მე ამ პროფესიაში არანაირი პრობლემა არ შემქმნია და არ მიგრძვნია, რომ ვარ ქალი. დედაჩემიც მეღვინე იყო. არ მახსენდება, რომ მასაც რამე პრობლემა შექმნოდა ამ სფეროში. თუ ფიზიკურ შრომაზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, არის საკითხები, რაც შეიძლება გამიჭირდეს, ისეთი როგორიც არის ქვევრის გარეცხვა, ისევე როგორც შეიძლება გაუჭირდეს სხვა მეღვინე ბიჭსაც. ქვევრს ყველა ვერ რეცხავს, ამისთვის არსებობს სპეციალურ ხალხი, ასევე არის რაღაც, რაც შეიძლება ერთი ადგილიდან მეორეზე ვერ გადავაადგილო, თუმცა ამას რაიმე საფუძვლიანი პრობლემა არ შეუქმნია. ღვინოსაც ვაყენებ და სხვა საქმეებსაც ვაკეთებ.

არსებობს ისეთი საწარმოები, რომლებიც ამბობენ, რომ ბიჭები ურჩევნიათ გუნდში, რადგან ბევრი სამუშაოა, თუმცა არის საწარმოები, სადაც გოგონები ურჩევნიათ, იმიტომ, რომ ლაბორატორიულ საქმეებს უკეთესად ასრულებენ. ჩემი სტუდენტები, რომლებიც გოგონები არიან, სხვადასხვა საწარმოში არიან დასაქმებულები, არაფერს უშინდებიან და რა საქმესაც აკეთებენ მამაკაცები, იმავე საქმეს აკეთებენ ისინიც.

ამ სფეროში მე ჩემი სტუდენტები ისე გავზარდე, რომ არ უნდა იყოს შეხედულება - ის ქალია და ის კაცი. 2013 წლიდან მყავს სტუდენტები, თანაბრად არიან გოგონებიც და ბიჭებიც," - გვიყვება მეღვინე ანა გოდაბრელიძე.

საქართველო, რომელიც ჯერ კიდევ განვითარების გზას ადგას და სურს, რომ იყოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რაც უფრო ბევრი წარმატებული ადამიანი გვეყოლება, არამარტო მეღვინეობის, არამედ სხვა ყველა დანარჩენს სფეროში, ეს მიზანი უფრო რეალური და სწრაფად ხელშესახები გახდება.

გვჯერა, რაც უფრო მეტი ქალი ჩაერთვება სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს ღვინის ინდუსტრია თუ სხვა საქმიანობა და თავისი მიღწევებით წინა პლანზე გამოჩნდებიან, ეს მით უფრო გაზრდის ცნობიერებას, რომ შეგვიძლია ის ვაკეთოთ, რაც გვიყვარს და ამაში საზოგადოების ნაწილის არასწორი შეხედულებები დამაბრკოლებელი ფაქტორი ან თუნდაც ეჭვის გაჩენის საფუძველი არ გახდება წინასწარი კლიშეს შესაქმნელად, რომ ვინმე ამა თუ იმ საქმის კეთებას ვერ შეძლებს.

ეს ბიძგს მისცემს და სურვილს გაუჩენს ადამიანებს, რაც შეიძლება მეტად მოსინჯონ ძალები იმ საქმეში, რაც მათი ინტერესისი საგანია, სადაც საკუთარი ძალების მობილიზებით თვითრეალიზაციას შეძლებენ და საკუთარი შრომის შედეგით თანასწორ საზოგადოებაში საკუთარ მყარ ადგილს მოიპოვებენ.

დღის ამბები