იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის ნომერ 18-ე დაწესებულებაში გადაყვანას ეხმაურება და ოპონენტების მხრიდან, ამ კონტექსტში სიტყვა "გატაცების“ გამოყენებას პასუხობს. როგორც მინისტრი ამბობს, ოპოზიციის წარმომადგენლები საზოგადეობის ცნობიერებაზე ამ ტერმინით მავნე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანას "გატაცება" შეუძლებელია უწოდო.
"მინდა გავაკეთო განცხადება ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ მავნებლურ ბრალდებებზე. დავიწყებ ტერმინი - გატაცებით, რომელსაც შეგნებულად ჩვენი ოპონენტები ამკვიდრებენ და უნდათ, რომ მოახდინო მავნე ზეგავლენა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე და დაარწმუნონ საზოგადოება, თითოს და ჩვენ ვინმე გავიტაცეთ.
ჯერ ერთი, საერთოდ, როგორ არის შესაძლებელი საუბრობდე სახელმწიფო ინსტიტუციაზე და ამბობდე, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში, ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანას უწოდო გატაცება. ეს არის დიდი მავნებლობა. აქვე, იმასაც გეტყვით, რადგანაც, ეს საზოგადოებას აინტერესებს და ამას მე არ ვპასუხობ ჩვენს ოპონენტებს, ამას ვპასუხობ ჩვენს საზოგადოებას, თუ რა იგულისხმებოდა გატაცებაში. ჩვენმა ოპონენტებმა გატაცება დაარქვეს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას, რომელიც გულისხმობს ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორეში პატიმრის გადაყვანას,“ - ანმარტავს რატი ბრეგაძე.
აქვე, მინისტრი იმ მიზეზებზე საუბრობს, რატომ მოხდა ექსპრეზიდენტის ნომერ მე-12 დაწესებულებიდან, ნომერ 18-ე დაწესებულებაში გადაყვანა. რატი ბრეგაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესაძლო გაუარესების თავიდან არიდების და რისკების მინიმალიზაციის მიზნით.
"როგორც მოგეხსენებათ, მან უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე და შესაბამისად, რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო, იყო მზარდი. სწორედ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასარიდებლად და მსგავსი რისკების მინიმალიზაციის მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ იგი გადაყვანილი ყოფილიყო ნომერ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მასზე სამედიცინო მეთვალყურეობა იქნებოდა ბევრად უფრო მჭიდრო და შესაბამისად, ეს რისკი იქნებოდა სრულად მინიმალიზებული.
ის ამჟამად განთავსებული არის ნომერ 18-ე დაწესებულებაში, რომელიც არის სამედიცინო დაწესებულება და მასზე ზრუნავს კვალიფიციური პერსონალი. ასევე, აქ გასათვალისწინებელი იყო უსაფრთხოების რისკები. ჩვენ მრავალგზის ვისაუბრეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე, რომელზეც გახდა ცხადი, რომ დაახლოებით 500-600 კაციანი ჯგუფი გეგმავდა ხელშეშლას მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებაში გადაყვანაზე. ეს რომ განხორციელებულიყო სხვაგან, ეს გადაყვანა, წარმოიდგინეთ, ამ შემთხვევაში რა შეიძლებოდა მომხდარიყო.
აქვე, ხაზგასმით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყველა იმ თანამშრომელს, რომელმაც მოახდინა პატიმრის უსაფრთხოდ გადაყვანა ამ დაწესებულებაში, რომელშიც ის დღეს იმყოფება,“ - ამბობს მინისტრი.