ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე, რომელიც 2014 წელს საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში ჩამომხრჩვალი იპოვეს, გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა ქალის მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით. ხანუმ ჯეირანოვა სასტიკად სცემეს ოჯახის წევრებმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.
კომიტეტის გადაწყვეტილებას რამდენიმე წუთის წინ გამოეხმაურნენ ადამიანის უფლებათა სახლსა და ორგანიზაცია "საფარში".
კომიტეტმა მოუწოდა საქართველოს, ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიება ჯეირანოვას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები, ასევე გადაუხადოს გარდაცვლილის შვილებს კომპენსაცია.
"ეს არის საქართველოში პირველი საქმე, რომელსაც კომიტეტმა უწოდა ღირსების სახელით ჩადენილი დანაშაული. ხანუმ ჯეირანოვას საქმის არგამოძიება მოხდა იმიტომ რომ ხანუმ ჯეირანოვა იყო ქალი და თან აზერბაიჯანელი ქალი," - აცხადებს კავშირ ”საფარის” აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია.