20 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
ღალატში დადანაშაულებული ქალი, რომელსაც ცემით მთელი სოფელი შემოატარეს - გაეროს კომიტეტმა სოფელ ლამბალოში მომხდარი 30 წლის ქალის ტრაგიკულ ისტორიაზე დასკვნა გამოიტანა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 7 წლის წინ მომხდარი სასტიკი დანაშაული - ჟენევაში,
გაეროს შესაბამისმა კომიტეტმა 5 მამაკაცის მიერ სასტიკად ნაცემი ქალის ისტორია შეისწავლა. საქმე ეხება ქალს, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა მანამდე ის არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

ზახიდ ჯეირანოვი "კურიერთან" შვილის თვითმკვლელობის დღეს იხსენებს. 7 წლის წინანდელ შემთხვევას, როდესაც ორი შვილის დედამ ქმრის ნათესავების მიერ მიყენებული შეურაცხყოფა ვეღარ აიტანა და სიცოცხლე სუიციდით დაამთავრა. თვითმკვლელობის მიზეზად მამა სოფელში განვითარებულ მოვლენებს ასახელებს, როდესაც 5-მა მამაკაცმა ახალგაზრდა ქალი მთელი სოფლის, მათ შორის საკუთარი შვილების დასანახად სასტიკად სცემა.

ღალატში დადანაშაულებული ქალი მთელი სოფელი ცემით შემოატარეს. შემთხვევა საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში 2014 წლის 18 სექტემბერს მოხდა. ამავე დღეს, 30 წლის ხანუმ ჯეირანოვა ჩამომხრჩვალი საკუთარმა დედამ იპოვა.

თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში არავინ დაუკავებიათ. საქმის დახურვის შემდეგ კი, მასზე მსჯელობა გაეროს ქალთა კომიტეტმა დაიწყო. თითქმის სამწლიანი მუშაობის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჟენევაში ხანუმ ჯეირანოვას საქმე ღირსების სახელით ჩადენილ დანაშაულად შეფასდა.

დოკუმენტის მიხედვით, კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ სამართლიანი გამოძიება ვერ უზრუნველყო და ვერ დაიცვა ქალი, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გენდერული ნიშნით გახდა.

18 გვერდიანი გადაწყვეტილების ადრესატი სახელმწიფოა, სწორედ მათ დაევალათ საჯარო ბოდიშის მოხდა გარდაცვლილი ქალის შვილებისთვის. დასკვნის მიხედვით, ხელისუფლებამ ობლად დარჩენილ ბავშვებს მორალური და მატერიალური ზიანიც უნდა აუნაზღაუროს.

დღის ამბები