უკვე რამდენიმე კვირაა გერმანია ვირუსის რეკორდულ მაჩვენებელს ითვლის. ქვეყნის ხელისუფლება კი მზარდი ინფიცირების გავრცელების ფონზე საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებს და ახალი რეგულაციების დაწესებაზე მსჯელობს. რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე გერმანიაში დღეიდან "კოვიდ-19-ზე" ტესტის ჩატარება კვლავ უფასო ხდება. გერმანული ონლაინგაყიდვების ერთ-ერთი საბითუმო კომპანია კი, ვაქცინაციის წახალისების მიზნით, დასაქმებულებს ბონუსის სახით 5000 ევროს ჰპირდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი სრულად აცრის დამადასტურებელ საბუთს წარადგენენ.
ავსტრიაში კი არავაქცინირებულ ადამიანებს შეზღუდული ექნებათ კაფეებში, რესტორნებსა და სალონებში შესვლა. ნიდერლანდები კი ნაწილობრივ ლოქდაუნს აწესებს. ახალი რეგულაციების მიხედვით შეზღუდვები იქნება შეკრებაზე, საზოგადოებას კი თავშეყრის ადგილებში ე.წ მწვანე ბარათის წარდგენა მოუწევთ. კაფეები და რესტორნები მუშაობას საღამოს 8 საათზე დაასრულებენ.
რეგულაციებს ამკაცრებს ჩეხეთიც. ახალი შეზღუდვები ძალაში მომდევნო კვირიდან შევა. ჯერჯერობით, უცნობია, კონკრეტულად რა აეკრძალება საზოგადოებას, თუმცა ერთადერთი, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ გაამჟღავნა, სკოლებში მოსწავლეებისთვის სავალდებულო კოვიდტესტის გაკეთებაა.
რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა გაერთიანებულ სამეფოშიც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვირუსთან საბრძოლველად საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებს, აცრილებს კი ბუსტერ დოზის გაკეთებისკენ.
თვეზე მეტია, რაც რუსეთში ყოველდღიურად რეკორდული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ფიქსირდება.
კოსტა-რიკა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა ცენტრალურ ამერიკაში, სადაც 5 წლის ასაკიდან ბავშვების ვაქცინაციის შესაძლებლობა დაუშვეს.