მიგრანტების კრიზისი პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე სულ უფრო მწვავდება. ბელარუსიდან პოლონეთში მიგრაციის მიზნით არალეგალურად შეღწევა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ათასობით ადამიანმა სცადა.
მათი უმრავლესობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდანაა. ჰუმანიტარული კატასტროფა დღითიდღე მწვავდება. ადგილზე დასახმარებლად საკვებით, თბილი ტანსაცმლითა და სამედიცინო საშუალებებით აღჭურვილი მოხალისეებიც გამოჩნდნენ, თუმცა ეს მიგრანტების საჭიროების დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის.
ევროკავშირი, ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები კრიზისის ორგანიზებასა და მიგრანტების ნაკადის წახალისებაში პასუხისმგებლობას ბელორუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს აკისრებს. დასავლეთი ფიქრობს, რომ ლუკაშენკო ამ გზით ცდილობს პასუხი გასცეს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს, მიგრანტებს კი, ბრძოლის ინსტრუმენტად იყენებს.
ევროკავშირი პოლონეთში არალეგალური მიგრაციის შეგნებულად წახალისებაში ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს ადანაშაულებს და ქვეყნისთვის სანქციების გამკაცრების საკითხზე მსჯელობს.