20 ნოემბერი 2024,   09:17
ვრცლად
მედიკოსების პროგნოზი საგანგაშოა - ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტში წლის ბოლომდე ათასობით ადამიანის გარდაცვალებას ვარაუდობენ

ექიმები ვარაუდობენ, რომ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის პროგნოზი გამართლდება და წლის ბოლომდე ვირუსი კიდევ ათასობით ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. მარტო ბოლო ერთ კვირაში 622 ადამიანი გარდაიცვალა.

დღეს რეანიმაციული განყოფილებები ისევ მძიმე პაციენტებით არის გადატვირთული. ინფიცირებულებს საათობით უწევთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებში ლოდინი, რომ მათთვის თავისუფალი საწოლი მოიძებნოს. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ კლინიკების უმეტესობა კოვიდ განყოფილებად გადაკეთდეს და სხვა პროფილის პაციენტები სათანადო მკურნალობის მიღმა დარჩნენ.

ქვეყანა კრიტიკულ ეპიდემიოლოგიურ პერიოდში შედის. ექიმებს აქვთ მოლოდინი, რომ მდგომარეობას რესპირატორული ვირუსები კიდევ უფრო დაამძიმებს. ორი ინფექციის თანხვედრა ტვინდემის ფაქტებს გაზრდის და ჯანდაცვის სისტემას უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს.

ამ ფონზე ქვეყანაში მობილობა გაზრდილია 2%-ით და ვაქცინაციის დონე ისევ დაბალია. დღეს 1,874 ადამიანი აიცრა. ექიმები ამბობენ, რომ ნოემბრის დარჩენილი პერიოდი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული აცრების გასააქტიურებლად.

ეპიდემიოლოგიურ რისკებზე უწყების პირველი პირები სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებენ. ხვალვე გაირკვევა გახდება თუ არა საჭირო დამატებითი ზომების მიღება პანდემიის შესაჩერებლად, ვიდრე ქვეყანას საკმარისი საზოგადოებრივი იმუნიტეტი არ ექნება.


დღის ამბები