"ნაციონალური მოძრაობა" მსვლელობა-აქციას იწყებს. კახეთის გზატკეცილზე, იქ სადაც პარტიის ოფისია, უკვე შეიკრიბნენ ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები და ისინი დედაქალაქის ქუჩებში გეგმავენ გადაადგილებას.
როგორც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აცხადებენ, აქციას იქამდე არ შეწყვეტენ, სანამ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მშვიდობიანი პროტესტი იქამდე გაგრძელება, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
"გუშინ იყო გამაფრთხილებელი აქცია, ჩვენ ასევე ვგეგმავთ, რომ დედაქალაქში, არა თუ ერთ ლოკაციაზე, არამედ რამდენიმე ლოკაციაზე მოეწყოს მრავალათასიანი მსვლელობა და პლუს ამას, საქართველოს სხვადასხვა დიდ ქალაქში და რაიონში გაკეთდეს იგივე. სანამ ხელისუფლება არ მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას, ჩვენ ყოველდღიურად, ყოველ საათობრივად, ამ პროტესტის გამწვავება მოგვიწევს, გვინდა ეს თუ არ გვინდა. ეს აქციები იქნება მშვიდობიანი," - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები თბილისის 3-მ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ. ავტოკოლონებით საპროტესტო მსვლელობა, აღმაშენებლის ხეივნიდან, კახეთის გზატკეცილიდან და რესპუბლიკის მოედნიდან ამ წუთებში იწყება. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.