შიმშილობის 15ე დღე - მას შემდეგ რაც ელენე ხოშტარიასთან "ქართული ოცნების" ლიდერები იმყოფებოდნენ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტას არ აპირებს.
აქვე, "დროას" ლიდერმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის წევრებს შესთავაზა რამდენიმე ვერსია, თუ რა შეიძლება იყოს გამოსავალი.
ხოშტარია ამბობს, რომ ყველანაირი კომუნიკაციისთვის მზად არის, რომელიც შედეგზე ორიენტირებული იქნება.
"მზად ვარ აბსოლუტურად ყველა კომუნიკაციისთვის, რომელიც, ხაზს ვუსვამ, იქნება შედეგზე ორიენტირებული. შედეგი არის ვითარების განმუხტვა და არა უბრალოდ ვინმეს მოგება ან ვინმეს წაგება და კუნთების თამაში. ძალიან დეტალურად ვესაუბრე ქართული ოცნების წარმომადგენლებს, თუ რა არის ჩემი შიმშილობის მოტივაცია და რა არის ის პრინციპული სიმტკიცე, რომელსაც მე არ გადავუხვევ არც ერთ შემთხვევაში.
ეს არ არის სიჯიუტე, ეს არის ის აუცილებელი ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ იმისთვის, რომ გამოვიდეთ ამ ჩიხური ვითარებიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ოცნებამ არ ჩათვალოს რომ ეს არის ან პოლიტიკური თამაში ან ვინმე აპირებს უკან დახევას," - ამბობს ელენე ხოშტარია.
ელენე ხოშტარია დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემაც მოინახულა. ნიკა სიმონიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა ერთობლივად უნდა გადადგან ნაბიჯები და მიღწეული იქნას გარკვეული შეთანხმება.
"ჩვენი რჩევა იქნება ის, რომ ამ პარტიებმა გადადგან ნაბიჯები იმისათვის, რომ დაილაპარაკონ ამ საკითხთან დაკავშირებით, შეთანხმდნენ, გაიაზრონ ის, თუ რა პრობლემების წინაშე ვდგავართ და ამ ყველაფრის შემდეგ, რა თქმა უნდა, მიღწეული იქნას გარკვეული შეთანხმება, მათ შორის ეს შესაძლებელია გარკვეულ კონსესუსებსაც მოიცავდეს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ქვეყნის ინტერესები, ადამიანის უფლებების დაცვა," - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.