ა.წ. 17 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ეუთოს საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ქ-ნი ანიკა სოდერი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.
შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.
"აღინიშნა, რომ პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია მშვიდობიანი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
დელეგაციის ხელმძღვანელმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა მისი უწმინდესობის ძალისხმევის მნიშვნელობა ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში.
მისმა უწმინდესობამ მადლობა გადაუხადა ეუთოს საგანგებო წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ქ-ნ ანიკა სოდერს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც სადამკვირვებლო და ჰუმანიტარულ მისიებს ასრულებენ კონფლიქტის ზონაში, წარმატებული მოღვაწეობა უსურვა მათ და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების იმედი გამოთქვა," - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.