საქართველო ციფრული კოვიდპასპორტების ერთიან სივრცეს შეუერთდა. Georgia e-Health - აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც საქართველოში მყოფ მოქალაქეებს საკუთარი ე.წ. მწვანე სტატუსის დადასტურება შეეძლებათ.
საქართველოში, სხვადასხვა დაწესებულებაში, 1 დეკემბრიდან მოქალაქეებს შესვლის უფლება მხოლოდ კოვიდპასპორტის მონაცემების მიხედვით ექნებათ.
რომელ დაწესებულებებში იქნება საჭირო მწვანე პასპორტით სარგებლობა:
კვების ობიექტები;
რესტორნები, კაფეები, ბარების ღია და დახურული სივრცეები;
გასართობი ცენტრები;
კინოთეატრები, თეატრები, ოპერა და მუზეუმები;
საკონცერტო დარბაზები;
სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები;
სპა-ცენტრები;
სასტუმროები;
ფიტნეს დარბაზები;
სამთო კურორტების საბაგირო გზები.
ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნა მხოლოდ 18 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებზე იმოქმედებს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 18 წლამდე ასაკის პირებს განსაზღვრულ ობიექტებზე, "მწვანე პასპორტის" წარდგენის ვალდებულება არ აქვთ, გარდა საზღვარგარეთ მოგზაურობისა, სადაც მშობლებს საშუალება ექნებათ, გააზიარონ შვილების სტატუსზე ინფორმაცია და ჰქონდეთ წვდომა მათ მონაცემებზე.
რა ინფორმაცია იქნება მოცემული ე.წ. მწვანე პასპორტში:
ვაქცინაციის სტატუსი;
PCR და სწრაფი ტესტების ჩაბარების ისტორია;
COVID-19-ით ინფიცირების ისტორია;
ასევე, მოქალაქისთვის მინიჭებული ვაქცინაციის და PCR ტესტის QR კოდები.
Georgia e-Health აპლიკაციის ჩამოტვირთვა როგორც Apple-ის, ასევე Android მოწყობილობების მომხმარებლებსაც შეუძლიათ.
აპლიკაციაში დასარეგისტრირებლად, მოქალაქემ შემდეგი სახის მონაცემები უნდა შეიყვანოს: სახელი/გვარი, პირადი ნომერი, დაბადების წელი, მობილური ტელეფონი.
რეგისტრაციის დასრულებისთანავე აპლიკაცია გიჩვენებთ თქვენს კოვიდსტატუსს და ასევე, ყველა კვლევის ისტორიას, რომელიც კოვიდინფექციას ეხება.
მათთვის, ვინც ვერ შეძლებს აპლიკაციის გამოყენებას, იუსტიციის სახლი გასცემს დოკუმენტს სრულად ვაქცინაციის შესახებ, ხოლო ტესტებზე ინფორმაციის გამოთხოვნა შესაძლებელი იქნება შესაბამისი ლაბორატორიიდან.
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გუშინ განაცხადა, რომ ვაქცინაციის QR კოდს ევროპული სკანერი 49-ვე ქვეყანაში წაიკითხავს.
თუმცა, აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქვეყნები სხვადასხვა მწარმოებლის მიერ გამოშვებულ ვაქცინაზე განსხვავებულ პოლიტიკას და პროტოკოლს იყენებენ, რის გამოც გამგზავრებამდე იმ ქვეყნის პროტოკოლის და პოლიტიკის გადამოწმებაა საჭირო, სადაც მოქალაქე მიემგზავრება, ქვეყნების პროტოკოლის შესახებ, კი ამომწურავი ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.