შიმშილობის 49-ე დღე - მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის პროტესტი გრძელდება. გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი მივიდა. დიმიტრი საძაგლიშვილი, ამ წუთებში, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხვდება. დაწესებულებაში შესვლამდე მან მცირე კომენტარი გააკეთა და სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას გამოეხმაურა.
ადვოკატის თქმით, ექსპერტთა ჯგუფმა დაადგინა, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებიდან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მრავალპროფილურ კლინიკაში აუცილებელია.
"აქამდე ჩვენ მსგავსი დასკვნა გვქონდა მოსმენილი თავად ხელისუფლების მიერ შექმნილი კონსილიუმისგან. ხოლო ახლა უკვე საუბარია, ამ დაწესებულების შესწავლის, ინფრასტრუქტურის და ადამიანური თვალსაზრისით შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა ცალსახად დაადგინა, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა. იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლების მიზანი იქნებოდა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ბუნებრივია, მათ ეს დიდი ხანია გაკეთებული ექნებოდათ და ვიცით, რომ ისინი სააკაშვილთან დაკავშირებით, ხელმძღვანელობენ არა რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე, არამედ მათი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე,“ - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა დასკვნა თითქმის 5 საათიანი მსჯელობის შემდეგ შეიმუშავა. მასში ნათქვამია, რომ "მე-18-ე პენიტენციური სამკურნალო დაწესებულება კარგად არის აღჭურვილი, თუმცა არ არის იმისთვის მზად რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს მკურნალობა გაეწიოს". ექსპერტების შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტი ამ ეტაპზე არ საჭიროებს რეანიმაციულ ღონისძიებებს, თუმცა მდგომარეობა მალე შეიძლება კრიტიკული გახდეს.