მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, "ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იკრიბებიან. აქცია რესპუბლიკის მოედანზე ამ წუთებში იწყება.
ამასთან, ადგილზე მანქანების კოლონაცაა, რომელიც სავარაუდოდ, პარლამენტისკენ მსვლელობით დაიძრება.
ოპოზიციურმა პარტიებმა, მოქმედების გეგმა მას შემდეგ შეცვალეს, რაც პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ დღევანდელ აქციაზე, მათი სამოქმედო კონკრეტული გეგმა გაჟღერდება.
"ნომერ პირველი მოთხოვნა, ის რაც სასწრაფოდ გადასაწყვეტია, ეს არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნება და დღეს მთავარი სიტყვა არა პოლიტიკოსებს, არამედ ექიმებს ეკუთვნით, რომელთაც აბარიათ პაციენტების სიცოცხლე. ასე რომ დროულად მიიღონ გონივრული გადაწვეტილება, ვიდრე არ არის გვიან," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.