20 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
იუსტიციის მინისტრის შეთავაზება მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის თაობაზე - როგორია ექსპრეზიდენტის თანაგუნდელების შეფასება

იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის წინადადება რამდენიმე არგუმენტით ახსნა.  ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა, ასევე იმ ადამიანებზე ზრუნვა, ვინც შიმშილობს. 

გორის ჰოსპიტალის შიდა კადრებში, რომელიც დღის ბოლოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, ჩანს, რომ სამედიცინო დაწესებულებას აქვს რეანიმაციული განყოფილება, საოპერაციო, სხვდასხვა სახის სამედიცინო ინფრასტრუქტურა და ყველა ის მულტიპროფილური სერვისი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში გაეწევა

გორის ჰოსპიტალში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო ჯანდაცვის მინისტრი. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სამხედრო ჰოსპიტალს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, პაციენტს საჭირო მომსახურება შესთავაზოს.

მიხეილ სააკაშვილისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალი შემთხვევით არ შერჩეულა. როგორც მინისტრი ამბობს, ჯანმრთელობასთან ერთად, გორში ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაც მაქსიმალურად დაცული იქნება. გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კი, სააკაშვილთან ერთად იმ ადამიანების უსაფრთხოებაზე ზრუნვაცაა, რომლებმაც პროტესტისთვის უკიდურესი ფორმა აირჩიეს.

იუსტიციის მინისტრის შეთავაზებიდან მალევე გადაწყვეტილება შეაფასა საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მოშიმშილე ელენე ხოშტარიამ. ხოშტარიასთვის სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლა არსებული მდგომარეობიდან გამოსავალია. შესაბამისად, მან 16 დღიანი შიმშილობა შეწყვიტა და რეაბილიტაციისთვის დღესვე ”ნიუ ჰოსპიტალში” გადავიდა.

შიმშილობის შეწყვეტის გარდა, დღეს მიხეილ სააკაშვილის მახრადამჭერებს იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთი პირობა წაუყენა, უარი თქვან ჰოსპიტალის სიახლოვეს საპროტესტო აქციებზე და არ შეუქმნან პრობლემა პატიმრის გლდანის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში ეტაპირების პროცესს. რატი ბრეგაძის თქმით, ნებისმიერი უკანონო ქმედების შემთხვევაში, რეაგირება უმკაცრესი იქნება.

რადიკალიზაციაზე უარის თქმით, პირობა მოშიმშილეთა ნაწილმა უკვე დადო. ექსპრეზიდენტის თანაგუნდელები ამბობენ, რომ სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ შიმშილობას შეწყვეტენ და სამედიცინო დაწესებულებასთან აქციას არ გამართავენ.

იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა სახალხო დამცველმაც. 

დღის ამბები