20 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
4 ლარიდან ჯოჯოხეთამდე - როგორ გახდა 23 წლის ბიჭი აზარტული თამაშების მსხვერპლი - "გავანადგურე ყველაფერი რაც ჩემს ოჯახს ჰქონდა, თავს ვერ ვაკონტროლებდი..." 

ლუდომანია - ანუ გზა, რომელიც არასოდეს უნდა გაიაროთ. აზარტული თამაშის დაუძლეველი სურვილი - საზოგადოებისთვის სენსიტიური თემაა, რომელიც აქტუალობას არასოდეს კარგავს. ბევრი ისტორია მოგვისმენია, წაგვიკითხავს და გაგვიგია, თუ როგორ მიჰყავს გართობის მიზნით დაწყებულ თამაშის აზარტს ადამიანები თვითმკვლელობამდე, ნერვულ და ფსიქიკურ აშლილობამდე, მაგრამ ძალიან ცოტას, თუ მოვისმენდით, ან გავიგებდით ადამიანზე, რომელმაც პრობლემა დაამარცხა და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. 

თამაშდამოკიდებულ ადამიანთა ნაწილი, ბოლომდე ვერ იაზრებს პრობლემის სიმწვავეს, ვერ თვლის რისკებს და არ ფიქრობს მომავალზე, როდესაც მდგომარეობა იმდენად ჩიხში შედის, რომ მათთვის ცხოვრება აზრს კარგავს. 

ფსიქოლოგები 21-ე საუკუნის პრობელემებზე საუბრისას, ძირითადად დამოკიდებულებებზე ამახვილებენ ყურადღებას, ბავშვებში ეკრანდამოკიდებულება, კომპიუტერული თამაშები და ა.შ. თუმცა ის, რაც ლუდომანიას ეხება, დღეს როგორც მოზარდებში, ასევე მოზრდილ ადამიანთა და მათ ოჯახებში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია. 

"რაც გვიხაროდა - აღარ გვახარებს", "ვინც გვიყვარდა - აღარ გვიყვარს", "რითიც ვერთობოდით - ვეღარ ვხედავთ მასში გასართობს", "თუ ვიყავით მშვიდები და გაწონასწორებულები - ვეღარ ვართ" - ეს არის ის რეალობა რა გზასაც თამაშდამოკიდებული ადამიანები გადიან. მათი ცხოვრებს სტილი რადიკალურად იცვლება. მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებთ, მოიგონ ის, რაც მათი წარმოდგენით თითქოს ცხოვრებას შეუცვლით, მაგრამ, ყველა მოგების შემდეგ, აზარტი უფრო მატულობს, წაგება კი იზრდება. 

საბედნიეროდ, არსებობენ ის იშვიათი გამონაკლისებიც, ვინც ეს რთული გზა დაძლიეს და ლუდომანიის დამარცხებამდე მისვლის პერიოდს ახლა სხვების დასახმარებლად იხსენებენ. "რუსთავი 2-მა" ერთ-ერთ მათგანს მიაგნო, რომელიც ანონიმურად ჰყვება, თუ "რა გადაიტანა":

"თამაშების რეკლამა ყველგან მხვდებოდა ხოლმე, მაგრამ ამის გამო არ გადამიწყვეტია თამაშის დაწყება. ჩემი მეგობრები ხშირად თამაშობდნენ ჩემს თვალწინაც, იმდენად განსხვავებულები გახდნენ მას შემდეგ, მიჭირდა მათთან ურთიერთობა, რადგან ინტერესი მხოლოდ თამაში ჰქონდათ, სხვა გართობის საშუალება, რასაც მანამდე ვიყენებდით, ფაქტიურად დაივიწყეს, ბევრი წაგების შემდეგ, ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა 800 ლარი მოიგო, 21 წლის იყო ის, მე მაგ პერიოდში 23-ის ვიყავი. ყველას სიხარულით დაგვირეკა და გვითხრა რომ სადმე დაგვპატიჟებდა, რადგან ბევრი ფული ჰქონდა. როცა ვკითხეთ გვითხრა, რომ მოიგო, ონლაინ თამაშობდა სულ. მაის შემდეგ დიდი დრო არ გასულა, ძალიან მჭირდებოდა თანხა, გადავწყვიტე ჩამერიცხა 4 ლარი, რადგან ზუსტად ამდენი მქონდა იმ წუთას, მეტი არა.

წავაგე, მაგრამ ვიფიქრე 4 ლარით რა უნდა მომეგოთქო, დროთა განმავლობაში 4 ლარი 100 ლარამდე გაიზარდა, ვთამაშობდი, ტრანსპორტში, ფეხით სიარულისას, ღამე დაძინებამდე და ყველგან, სადაც ცოტა საშუალება მომეცემოდა. წლები გავიდა და ყოველდღე ძალიან ცუდ სიტუაციაში ვიყავი, ყველას ფულს ვთხოვდი სხვადასხვა მიზეზით. დახლოებით 4 წელი გაგრძელდა ეს ყველაფერი, დასრულდა მაშინ, როდესაც საშინელი ნერვული აშლილობა დამეწყო, უძილობა, მუდამ თამაშზე ფიქრი, ყველას ვეჩხუბებოდი, არც სწავლა მინდოდა და არც მუშაობა. გავანადგურე ყველფერი, რაც ჩემს ოჯახს ჰქონდა, ყველა ნივთს ფულად აღვიქვამდი. არავის გაუგია ოჯახში რეალური მიზეზი თუ სად მიმქონდა ფული, ეგონათ რომ ვერთობოდი მეგობრებთან ერთად და ამისთვის ვიყენებდი.

მაგრამ როდესაც გადაბმულად ერთი თვის განმავლობაში თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი, ჩემს მეგობარს დაველაპარაკე, მანაც იგივე მითხრა. გადავწყვიტეთ როცა თამაში მოგვინდებოდა ერთმანეთი გვენახა და წავსულიყავით გასართობად, ბარში, კლუბში და ა.შ. ვხვდებოდი, რომ თავს ვაღწევდი ამ ჯოჯოხეთს, მაგრამ პარალელურად დავიწყე ალკოჰოლის მოხმარება, როდესაც თავს ვერ ვაკონტროლებდი, ვსვამდი, ვითიშებოდი და ვიძინებდი. ამ წლებსა და დღეებს და მის გადატანას არავის ვუსურვებ. სამწუხაროდ არ ჩავთვალე საჭიროდ ფსიქოლოგთან მისვლა. იქნებ უფრო ადრე ეშველა.... მაგრამ შევძელი, თავი ვაიძულე, ღამეებს ვათენებდი ჩემს თავთან ბრძოლაში. უბედური ვიყავი ასე ვფიქრობდი, ასეც იყო. დღეს კი მყავს ოჯახი, შვილები და ამ დროის გადმოსახედიდან, ვფიქრობ, არაფერია იმაზე კარგი, როდესაც შენს გონებასა და ორგანიზმს რაღაცაზე დამოკიდებულება არ სტანჯავს. თავისუფალი ვარ. ვინმემ რომ მითხრას ან სიკვდილი ან ისევ იმ პერიოდში დაბრუნებაო, აუცილებლად გავწირავ თავს - რადგან ისიც სიკვდილია ჩემთვის, ოღონდ ტანჯვით სიკვდილი,"- ასე აღწერს ერთ დროს ლუდომანიის მსხვერპლი და ახლა უკვე, საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილი ბიჭი, თავის უმძიმეს პერიოდს. 

სად არის საქართველოში თამაშდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრები და როგორ ხდება ლუდომანიით შეპყრობილი ადამიანების განკურნება, "რუსთავი 2-თან" ამ საკითხებზე "მენტალ ჰაბის" ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი აკაკი ბურკაძე საუბრობს:

"რაც დრო გადის ლუდომანიაზე დამოკიდებული ადამიანების მომართვიანობა იზრდება, ეს ძალიან კარგია. სხვადასხვა პროექტები ძალიან უწყობს ხელს იმას, რომ ადამიანებმა ამაზე ლაპარაკი დაიწყეს. სწორედ ამის შედეგად იზრდება მომართვიანობა და ის გართულებები, რაც ამ პრობლემას მოჰყვება, თავიდან არიდებადი ხდება. 

- რა ასაკის ადამიანები მოგმართავენ ძირითადად ლუდომანიის (თამაშდამოკიდებულობის) პრობლემით? 

"ყველაზე მცირე ასაკი ყოფილა 16 წელი, ზედა ზღვარი კი ამ პრობლემას არ აქვს. საშუალოდ, ყველაზე მეტად, ვინც ამ პროგრამაში ეწერება, ესენი არიან უკვე დასაქმებული ადამიანები, ანუ ისინი, ვისაც საკუთარი შემოსავალი, ხელფასი აქვთ. დაახლოებით 28 წლიდან ზემოთ. 

- სად არის საქართველოში სარეაბილიტაციო ცენტრები და როგორ ხდება პრობლემისგან განკურნება?

- დაფინანსებული რეაბილიტაციის ცენტრი არის ჩვენთან "მენტალ ჰაბში" და ასევე "კამარაში".

იქიდან გამომდინარე, რომ პრობლემა ძალიან კომპლექსურია, ამას საკმაოდ ხანგრძლივი კურსი სჭირდება, რომელიც 1 ან 2 წელი გრძელდება. სიმწვავის ამოწურვა ხდება, როდესაც არის თანდართული დაავადებები, ეს არის ფსიქიატრიული გართულებები, დეპრესია და შფოთვითი აშლილობა, რომლის მკურნალობაც უკვე მედიკამენტურად ხდება. პროცესში ჩართულია, როგორც ფსიქიატრი, ასევე ფსიქოთერაპევტი. პერიოდულად, ვხვდებით ოჯახის წევრებს ცნობიერების ამაღლების კუთხით. ხშირად, ოჯახის წევრები ყველაზე მეტად ხელშემწყობები აღმოჩნდებიან ხოლმე ამ პრობლემის, თითქოს ეხმარებიან მათ, მაგრამ სინამდვილეში პირიქით გამოდის.

აუცილებელია საინფორმაციო კამპანია, თუნდაც ის, რომ როდიდან ხდება თამაში პათოლოგიური. რადგან არიან ადამიანები, ვინც თამაშდამოკიდებულები არიან და ამას არ აღიარებენ. ამიტომ, ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა უნდა გაითავისონ, რომ ეს არის მდგომარეობა, როდესაც უკვე თვითონ ვეღარ დაეხმარებიან, ვერც საკუთარ თავს და ვერც ახლობელს. ყველაზე საყურადღებოა მე-3 კატეგორია, როდესაც ყველაზე მძიმე მდგომარეობასთან გვაქვს საქმე.

საქართველოში მხოლოდ გეიმინგის პრობლემა არ არის, პრობლემაა ბავშვების დამოკიდებულება კონკრეტულ კომპიუტერულ თამაშებზე. ამიტომ, ზოგადად დამოკიდებულებაზე არის ცნობიერება ასამაღლებელი. 

-  ყველაზე მძიმე შემთხვევა რა ყოფილა და მოხდა, თუ არა ასეთი ადამიანების განკურნება? 

ყველაზე მძიმე შემთხვევა არის, როდესაც თანხის წაგების შემდეგ, ადამიანს აქვს სუიციდური ფიქრები და ყველა ისეთი ფიქრები, რაც შესაძლოა სიცოცხლის დასრულებით დამთავრდეს. ამ დროს, რა თქმა უნდა, აუცილებელია მედიკამენტოზური მკურნალობა და ინტენსიური ფსიქოთერაპრიის კურსი. გვყოლია ასეთი ადამიანები საკმაოდ ხშირად და მათ ჩვენ დავხმარებივართ,"- აცხადებს აკაკი ბურკაძე. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში აზარტული მოთამაშეების რაოდენობისა და მათ მიერ წაგებული თანხების შესახებ სტატისტიკა არ არსებობს. თუმცა პრობლემა რომ ყოველთვის აქტუალური და საგანგაშოა ამაზე ყველა თანხმდება, ვინაიდან ჩვენს ირგვლივ, თამაშდამოკიდებული ადამიანების რიცხი საკმაოდ ბევრია.

დღის ამბები