გარდაბნის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვან გოგონას იძულებითი ნიშნობის გამო თავის მოკვლა სურდა.
არასრულწლოვანი თავისივე დაწერილ წერილში ამბობს, რომ მზად იყო წასულიყო სახლიდან, გაეძლო ნებისმიერი დაბრკოლებისთვის, თუ კი მას არ გაათხოვებდნენ.
ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც მის მშობლებს სჯეროდათ და დღესაც სჯერათ, რომ შვილის კეთილდღეობაზე ზრუნავენ. "დრო მოვა და შეეგუები" - ეს იყო მთავარი სანუგეშო სიტყვები გოგონას ტირილის და წინააღმდეგობის საპასუხოდ... იძულებითი ნიშნობა უკვე შედგა. იძულებით ქორწინებამდე, 13 წლის მოზარდმა წერილის გავრცელება მოახერხა, რასაც უფლებადამცველების და პოლიციის რეაგირება მოყვა.
"კურიერის" ინფორმაციით, გოგონას ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში მასზე უფროსი მამაკაცი გააცნეს, რამდენიმე კვირის წინ კი ნიშნობაც შედგა, ახლა მას უკვე ქორწინებას აიძულებენ.
"კურიერისთვის" ცნობილი გახდა იმ წერილის შინაარსი, სადაც მოზარდი მშობლებს ღიად ადანაშაულებს. უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა ყვება, რომ ვრცელი და საკმაოდ მძიმე შინაარსის წერილის წაკითხვის შემდეგ გოგონასთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა ის კონტაქტზე აღარ გამოვიდა. გათიშულია მისი მობილური ტელეფონიც.
წერილში მოზარდი წერს, რომ მშობლები გათხოვებას აიძულებენ, მას კი სწავლა და განათლების მიღება სურს. გოგონა სუიციდის მცდელობაზეც საუბრობს.
"წინააღმდეგობის გაწევა დავიწყე, ვტიროდი, მიწაზე დავეცი, მაგრამ ჩემი არავის ესმოდა. არავინ იყო, ვინც დამეხმარებოდა. ეგ ადამიანი რომ შემეხოს, საკუთარი თავი შემძულდებათქო. რატომ არ ესმით ჩემი? დრო მოვა და შეეგუებიო, მეუბნებოდნენ. მე არ ვგავარ იმ გოგოებს, რომლებიც ქალაქში ფულისა და ქონების გამო თხოვდებიან. თავის მოკვლა მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი. თუ მათ არ ესმით ჩემი, მე მათ სამყაროს ჯოჯოხეთად ვაქცევ. მათ სურთ უარი თქვან შვილზე. თანახმა ვარ უდაბნოში ცხოვრებაზე, მაგრამ არ გავთხოვდები..“ - წერს გოგონა წერილში.
"კურიერი" დღეს იმ სოფელშიც იმყოფებოდა, სადაც მოზარდს გათხოვებას აიძულებდნენ. გაირკვა, რომ არასრულწლოვანი მშობლების ოჯახს უკვე განარიდეს. გოგონას დედა ირწმუნება, რომ იძულებას ადგილი არ ჰქონია და მხოლოდ ქალიშვილის უკეთესი მომავლისთვის ზრუნავდა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც არასრულწლოვან გოგონებს ოჯახები ქორწინებას ან ნიშნობას აიძულებენ, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა თებერვალში სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიც, სადაც ასახულია თუ როგორ დანიშნეს 11 წლის გოგონა ზრდასრულ მამაკაცზე.
პრობლემა აქტუალურია საკანონმდებლო დონეზეც. რამდენიმე დღის წინ პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა ინიციატივა, რომლის დამტკიცების შემთხვევაში არასრულწლოვნის იძულებითი ნიშნობა ისეთივე დასჯადი ქმედება გახდება, როგორც იძულებითი ქორწინება. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ეს ინიციატივა დროული და აუცილებელია.
ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 2018 წლიდან 2020 წლის ჩათვლით გამოძიება დაიწყო არასრულწლოვნისთვის ქორწინების იძულების 50 ფაქტზე. პრევენციული მექანიზმები შესაძლოა გაფართოვდეს იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატები იძულებითი ნიშნობის კრიმინალიზებას მხარს დაუჭერენ.