20 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
ახალი ინიციატივები და რეგულაციები ონლაინკაზინოებს - ფინანსთა სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარადგენს ახალ მოდელს, რომლითაც სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება

სარეკლამო ბანერები ქუჩაში, სახლში, სამუშაო სივრცეში, სოციალურ ქსელებში - ყველგან არის სივრცე ათვისებული იმისთვის, რომ გიბიძგონ სახიფათო თამაშისკენ, რომელიც ფერადად და მიმზიდველად გამოიყურება. შეუმჩნევლად იწვევს დამოკიდებულებას, საბოლოოდ, გარანტირებულ ზარალს. უარეს შემთხვევაში კი -  საქმე სუიციდამდეც მიდის.

ამ თამაშში ასაკის ზღვარი წაშლილია. ონლაინკაზინოს გვერდებზე რეგისტრაცია 18 წლამდე შეზღუდულია, თუმცა ე.წ. გამოსავალი ამ შემთხვევაშიც არსებობს. ზრდასრულების პირადი მონაცემებით დარეგისტრირება უკვე დანერგილი პრაქტიკაა. "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" - ეს ორგანიზაცია წლების წინ დაფუძნდა და თავის დასახელებაშივე ატარებს მთავარ ქვეტექსტს. მიზანი ახალგაზრდების, მათ შორის, არასრულწლოვნების აზარტდამოკიდებულებისგან ხსნაა. მცდელობის მიუხედავად, მოზარდების თამაშებში ჩართულობა წლიდან წლამდე იზრდება.

პრობლემაზე საუბარი დღეს მთავრობის პირველი პირის დონეზე კიდევ ერთხელ ავიდა. ამჯერად, პრემიერ-მინისტრმა, მის გადასაჭრელად კონკრეტული გადაწყვეტილებებზეც ისაუბრა.

საკანონმდებლო პაკეტის მომზადება ფინანსთა მინისტრს უკვე დაევალა. როგორც მთავრობის წევრებმა სხდომის შემდეგ განმარტეს, მომზადდება პაკეტი, რომლითაც არამხოლოდ ონლაინკაზინოების შემოსავლის ბეგარა გაიზრდება, ასევე, დაიბეგრება მოთამაშეების მიერ გაკეთებული ფსონებიც.

პროექტის მომზადების და ინიცირების შემდეგ, დისკუსია საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს, სადაც ოპოზიცია კრიტიკისთვის უკვე ემზადება. ამასთან, დღეს მათ განწყობებში გამოიკვეთა, რომ ინიციატივის პრაქტიკაში განხორციელების მოლოდინი არ აქვთ.

პროექტის გაცნობის და განხილვის მოლოდინში არიან უმრავლესობის წევრი დეპუტატებიც. ისინი დღეს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას იწონებენ და თამაშდამოკიდებულების მძიმე სოციალურ შედეგებზე აკეთებენ აქცენტს.

დღის ამბები