თბილისში, სამგორის რაიონში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის დედა მომხდარის დეტალებს "კურიერთან" იხსენებს.
მოკლული ახალგაზრდის დედა არ გამორიცხავს, რომ მკვლელს დანაშაულის ჩადენა წინასწარ ჰქონდა განზრახული. დედა მეგობრებს შორის ერთი თვის წინ ყოფით ნიადაგზე დაწყებულ კამათს იხსენებს, როდესაც სავარაუდო მკვლელის მხრიდან მუქარაც გაჟღერდა.
"დაემუქრა, მაგ სილას არ გაპატიებ მე შენო, განანებო და აასრულა კიდეც. მაგან მოუწყო, რომ ჩემი შვილი მარტო ნახა, გამიზნული ჰქონდა... როგორ ესროლა სამჯერ იარაღი?" -ამბობს მოკლულის დედა.
შემთხვევა თბილისში, სამგორის რაიონში გუშინ მოხდა. ბიჭს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. ის ინგოროყვას კლინიკაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამგორის რაიონში ნასვამ პირებს შორის კონფლიქტი ჯერ ურთიერთშელაპარაკებით დაიწყო, შემდეგ კი ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე 36 წლის მამაკაცი დააკავა.