20 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
14 წლის ნინი ცეცხლაძის საქმეზე, რომელმაც ქობულეთში თავი მოიკლა, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო - გოგონას დედის პირველი კომენტარი "კურიერთან"

7 წელი და 6 თვე - 14 წლის გოგონას საქმეზე დაკავებულს პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო. ბრალდებულს 2 მუხლით ედავებოდნენ. თვითმკვლელობამდე მიყვანის ნაწილში ის გამართლდა, სასჯელი მიიღო 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის - ეს არის სექსუალური კავშირი არასრულწლოვანთან.

24 წლის მამაკაცის ადვოკატი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

"ელემენტარულად, ერთი მტკიცებულებაც არ დევს საქმეში, რომელიც ამის ბრალეულობას ადასტურებს. ეს არის სინდისის პატიმარი. გავასაჩივრებთ, რა თქმა უნდა," - ამბობს ადვოკატი, ირაკლი შავაძე.  

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, პირველი კომენტარი "კურიერთან" თურქეთიდან გააკეთა დაღუპული ბავშვის დედამ. მერი რომანაძე ამბობს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და ის მას გაასაჩივრებს. გარდა ამისა, ამბობს, რომ მისთვის წარმოუდგენელია, როგორ ასაჩივრებს 24 წლის მამაკაცის ოჯახი  მიღებულ გადაწყვეტილებას. 

"არ იყო ობიექტური გადაწყვეტილება. მე თვითონ გაოცებული ვარ. ჩემი შვილი მიწაშია და როგორ ასაჩივრებს თავისი შვილს საქმეს, მე გაგიჟებული ვარ," - ამბობს გარდაცვლილი მოზარდის დედა.

14 წლის ნინი ცეცხლაძე გარდაცვლილი 10 თებერვალს ნახეს, 11 თებერვალს კი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 24 წლის ახალგაზრდა დააკავეს. მას გამოძიება მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავებოდა. 

საქმეზე დაკავებულია გოგონას ბაბუაც, რომელსაც აგვისტოში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდეს.

დღის ამბები