გამოცხადებული მუდმივი "მწვანე პასპორტი" მუდმივი ვეღარ იქნება. საქართველოს, რომელმაც დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებული მიდგომა მოიფიქრა, გადაწყვეტილების შეცვლა მოუწევს.
კორონავირუსი წითელა არ არის, რომელიც შეიძლება მხოლოდ ერთხელ მოიხადო - სწორედ ამის მტკიცება უწევთ დღეს ექიმებს, რომლებსაც თავად აქვთ უშუალო შეხება ათასობით რეინფიცირებულთან.
საქართველოს მოქალაქეებს ორი მწვანე პასპორტი ექნებათ, საგარეო და საშინაო, რადგან ქართული მარადმწვანე სტატუსი, შესაძლოა, სხვა ქვეყნის საზღვარზე გაწითლდეს. ეს განპირობებულია იმით, რომ არცერთი ქვეყანა არ აღიარებს აუცრელი კოვიდგადატანილების უსაფრთხოებას 6 თვის შემდეგ. შესაბამისად, ქართული საშინაო მწვანე პასპორტი ვერ იქნება ვერაფრის გარანტია. გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრმა ქართული გენითაც ახსნა, თუმცა ეს გენი კოვიდისგან რომ არ გვიცავს, 100 ათას მოსახლეზე დაღუპულების პირველი ადგილით მტკიცდება.
მსოფლიოში დაგროვილი ცოდნა ცალსახაა - კოვიდ-19 არ ტოვებს სამუდამო იმუნიტეტს.
"საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში მეორე არ არის და ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ"- ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.
მინისტრს მიაჩნია, რომ საზოგადოებამ ეტაპობრივად სიახლეები უნდა გაიზიაროს.
ჯანდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ ყველა ქვეყანას ტურისტებისთვის განსხვავებული მოთხოვნები აქვს და ის კრიტერიუმები, რომელიც ქვეყნის შიგნით მოქმედებს უცხოეთში სამოგზაუროდ ვერ გამოდგება.
პაატა იმნაძე, უვადო მწვანე საშვის ამოქმედების წინააღმდეგია.
ამირან გამყრელიძე კი, საშვის ულიმიტოდ გამოყენების საკითხზე საკუთარი პოზიციის გამოხატვას ერიდება.
"საუბარი იმაზე, რომ კორონავირუს გადატანილი ადამიანის იმუნიტეტი იქნება დაცული სიცოცხლის ბოლომდე, არ არის სწორი,"- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელი, პირველი იყო, ვინც მწვანე ბარათის ულიმიტო გამოყენება არ მოიწონა. ივანე ჩხაიძეს სამეცნიერო მტკიცებულებები მოჰყავს, რომ ვირუსისგან დაცვის გარანტიები, ინფექციის გადატანიდან მხოლოდ 6 თვეა. ამასთან, სხვა ქვეყნების მაგალითზეც საუბრობს, სადაც კოვიდსაშვი ნახევარი წელი მოქმედებს.
ეპიდემიოლოგები არ გამორიცხავენ მწვანე საშვის გამოყენების ვადები გადაიხედოს.
საკითხზე მსჯელობა საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში, ისევ გაიმართება და პოზიციების დაახლოება მოხდება. ასევე, გაირკვევა, რა ფორმით მიიღებენ კოვიდბარათს ის ადამიანები, ვინც ვირუსი გადაიტანა და მათი კოვიდმონაცემები დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბაზაში არ მოხვდა.