20 ნოემბერი 2024,   09:17
ვრცლად
"11 წელი საპატიმროში უდანაშაულოდ... ამის შემდეგ არ უნდა გადაგეწყვიტათ, რომ იყოთ უზენაესი სასამართლოს წევრი" - პარლამენტში ნინო სანდოძის მოსმენა დასრულდა

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ნინო სანდოძის მოსმენა დაასრულა, ძირითადი კითხები მის პროფესიულ საქმიანობასთან, მიღებულ გადაწყვეტილებებთან და ბიოგრაფიასთან დაკავშირებით დაისვა.     

პარტიის "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი დაინტერესდა, რას ფიქრობდა კანდიდატი დასავლეთის მხრიდან კრიტიკასთან დაკავშირებით. 

"ის კრიტიკა, რასაც ვისმენთ დასავლელი პარტნიორებისგან და ამის მიუხედავად, ჩვენ რომ მაინც ისე ვაგრძელებთ გადაწყვეტილებების მიღებას, როგორც ვაგრძელებთ, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ჩვენს სწრაფ ინტეგრაციას ევროკავშირთან?". 

"მათი ინტერესი არ არის, რომ მართლმსაჯულებაში ვინმე ერეოდეს და, ვფიქრობ, ეს პროცესი ჩვენს მიერ გაკეთებული განცხადება ერთმანეთთან კავშირში არ არის,"- განაცხადა ნინო სანდოძემ პასუხად.

"ევროპელი სოციალისტების" წევრმა ფრიდონ ინჯიამ გია გვიჩიანის საქმე გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას მერე, რაც 11 წლიანი პატიმრობის შემდეგ ის უდანაშაულო აღმოჩნდა, სანდოძეს არ ჰქონდა უფლება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე პრეტენზია გაეცხადებინა. 

"გვიჩიანის საქმე მაინტერესებს - 11 წელი საპყრობილეში და აღმოჩნდა, რომ უდანაშაულოა. ვფიქრობ, არ უნდა გაგეკეთებინათ ეს, არ უნდა გადაგეწყვიტათ, რომ თქვენ ამის შემდეგ იყოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი. 11 წელი საპყრობილეში და ისე კი არა, როგორც ახლა გორში ატარებენ და 10 კაცი ჰყავთ ექიმი, კონსილიუმი და 25 მნახველი."

პასუხად, სანდოძემ განაცხადა, რომ თავის მიერ მიღებულ აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებაზე პასუხს აგებს და მოსამართლე წინასწარ ვერ განსაზღვრავს, წლების შემდეგ ვისი გამამართლებელი მტკიცებულებები შეიძლება გამოჩნდეს. 

"თუ მოსამართლე იმის შიშით იქნება, რომ მომავალში, 5-10 წლის შემდეგ გამოვლინდება ახალი მტკიცებულება, სახელმწიფო მიიღებს შეშინებულ მოსამართლეს. ჩემს მიერ მიღებულ აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებაზე ვაგებ პასუხს,"- განაცხადა ნინო სანდოძემ პასუხად. 

"უფლებები საქართველო"-ს მართლმსაჯულების პროგრამების კოორდინატორის, კახა წიქარიშვილის კითხვაზე, იყო თუ არა სასამართლო დამოუკიდებელი 2012 წლამდე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შემდეგნაირად უპასუხა: 

"2012 წლამდე სასამართლოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, რაც გამომდინარეობდა საპროცესო კანონმდებლობიდან, გარკვეულწილად, ხელები ჰქონდა შეკრული."

დეპუტატები და მესამე სექტორის წარმომადგენლები დღეს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატს, თეა ძიმისტარაშვილსაც მოუსმენენ.

დღის ამბები