20 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილს განსაკუთრებული ფსიქოლოგიური დახმარება არ სჭირდება - მარიამ ჯიშკარიანი 

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი დღესვე ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა და ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის კიდევ რამდენიმე წევრმა მოინახულა.

ექიმებმა სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ, მედიასთან განცხადებები გააკეთეს.

გორის სამხედრო ჰოსპიტლის ფსიქო-ნევროლოგიური განყოფილების უფროსი, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნინო გოგორიშვილი ამბობს, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ანალიზები ნორმაში აქვს. 

"პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აღენიშნება მცირე სისუსტე, ანალიზები ნორმის ფარგლებშია, კვების რაციონი არის გაფართოებული და იკვებება თითქმის სრული მენიუთი. შედგენილია მენიუ ენდოკრინოლოგთან შეთანხმებით და ძალის აღდგენა მიდის. დაიწყო უკვე ფიზიკური გააქტიურება და ბატონი მიხეილი ემზადება სასამართლოსთვის. მე შემიძლია ვთქვა, რომ დღეისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“ - ამბობს  ნინო გოგორიშვილი.  

წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულება ხვალაც იგეგმება და ამის შემდეგ მოხდება შეჯერება მკურნალობა-რეაბილიტაციის პროტოკოლზე. 

"ხვალ ვაპირებთ ისევ მოსვლას და ნახვას. კიდევ უნდა გავეცნოთ დოკუმენტაციას და გამოთხოვილი დოკუმენტაცია უნდა მივიღოთ. იმიტომ, რომ ადგილზე გაცნობა სხვა არის და დეტალებში გარკვევა სხვა. შემდეგ შევჯერდებით მკურნალობა-რეაბილიტაციაზე. სჭირდება მულტიდისციპლინური მიდგომა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ფსიქოლოგიური დახმარება არ სჭირდება," - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი. 

დღის ამბები