20 ნოემბერი 2024,   09:18
ვრცლად
რამდენიმე დღე "მწვანე პასპორტის" ამოქმედებამდე, "ომიკრონი" და ახალი შეზღუდვები - საქართველო და მსოფლიო კოვიდის გავრცელებას ებრძვის

ორი დღის შემდეგ, 1 დეკემბრიდან თითქმის ყველა დაწესებულებაში პასპორტის ჩვენებას მოგთხოვენ, ე.წ. მწვანე პასპორტის, რომელიც თქვენს კოვიდსტატუსს განსაზღვრავს.

ეს დოკუმენტი - იქნება არა მხოლოდ საშვი, არამედ მეტი სიმშვიდის საფუძველი ყველა მომხმარებლისთვის და დამატებითი პრივილეგია ბიზნესისთვის, რომელიც მეტ თავისუფლებას მიიღებს და თითქმის სრულად დაუბრუნდება იმ რეჟიმს რომელიც ჩვენს ცხოვრებაში კოვიდპანდემიის გაჩენამდე არსებობდა... 

ობიექტებს შორის, სადაც "მწვანე პასპორტს"მოგთხოვენ, არის რესტორნები, კინოთეატრები,თეატრები, გასართობი ცენტრები და სამორინეები, სპორტული დარბაზები და ასევე, სამთო კურორტების საბაგიროები.

პირველი დეკემბრიდან ამ მწვანე ზონებს აღარ ექნებათ საათობრივი შეზღუდვა. მაგალითად, კაფეები და რესტორნები თუ 11 საათზე იკეტებოდა, მათ მუშაობის თავისუფალი რეჟიმი ექნებათ. 
კინოთეატრების და თეატრების შემთხვევაში დასაშვები ვიზიტორების რაოდენობა გაიზრდება - თუ დღეის მდგომარეობით, ადგილების მხოლოდ 30%-ის შევსება იყო დასაშვები, ეს ლიმიტი 50%-მდე გაიზრდება 

საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა გვითხრეს რომ ე.წ. მათრახის პრინციპი არ მუშაობს და "მწვანე სტატუსი", ერთგვარად, ვაქცინაციის წამახალისებელ ფაქტორადაც უნდა იქცესო. უშუალოდ, მწვანე სტატუსი კი დადგინდა, რომ ოთხ სხვადასხვა შემთხვევაშია ხელმისაწვდომი. ესენია :

ორჯერადად ვაქცინირება;

ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი;

ბოლო 24 საათში გაკეთებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი და ბოლოს, იმის დადასტურება, რომ თქვენ კოვიდ ინფექცია უკვე გადატანილი გაქვთ.

‌ეს ბოლო პუნქტი გასული კვირის განმავლობაში დიდი აზრთასხვადასხვაობის საგანი იყო და დღესაც არის. საკითხი მარტივად დგას, რატომ შეიძლება იყოს კოვიდგადატანილი პირი სხვებისთვის უსაფრთხო, როდესაც განმეორებით ინფიცირების ათასობით შემთხვევაა. არაერთი პროფესიონალის კრიტიკული განცხადებაც მოვისმინეთ, მათ შორის ასეთი - "კორონავირუსი არ არის წითელა, ერთხელ გადაიტანო და მთელი ცხოვრება მისგან თავისუფალი იყო".  ეს საკითხი, დიდი ალბათობით, კიდევ გადაიხედება.

ჯერჯერობით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კოვიდპასპორტებს ლიბერალური მიდგომით გასცემს, თუმცა მსოფლიოს რიგ სახელმწიფოებში ბევრად მკაცრი კრიტერიუმები არსებობს და რადგან ჩვენებური "მწვანე პასპორტი", შესაძლოა, სხვა ქვეყნებში არ მიიღონ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ორპასპორტიანობის პრინციპი იმუშავებს - საშინაო და საგარეო. საშინაო, მარტივად, ვებგვერდზე, ან აპლიკაციის მეშვეობით მონაცემების შეყვანით შეგიძლიათ მიიღოთ. თუ სხვა ქვეყნებში მოგზაურობა გსურთ, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, ამ ქვეყნების მოთხოვნებს უნდა გაეცნოთ, შემდეგ კი საგარეო "მწვანე პასპორტის" ასაღებად იუსტიციის სახლებს უნდა მიაკითხოთ.

ქვეყნების კოვიდ უსაფრთხოების პროტოკოლები იცვლება ხშირად და სწრაფად. დღესაც ეს თემა არის ძალიან აქტუალური, რადგან ბოლო კვირის ახალი თავსატეხი სრულიად ახალი შტამია. მას უკვე დაარქვეს სახელი - "ომიკრონი" და გავრცელების არეალიდან გამომდინარე, უწოდებენ სამხრეთ აფრიკულ შტამსაც.

მსოფლიო ახლა ცდილობს მისი გავრცელება დაბლოკოს და მათ შორის არის საქართველოც. 

საკოორდინაციო საბჭომ უკვე დაადგინა საზღვრის კვეთის ახალი წესები 8 სახელმწიფოსთვის. 

ესენია : 

სამხრეთ აფრიკა;

ბოცვანა ;

ზიმბაბვე;

ნამიბია;

ლესოტო;

ესვატინი ;

მოზამბიკი;

მალავი.

ნებისმიერი პირს, ვინც ამ ქვეყნებიდან შემოვა, უკვე დღეიდან მოუწევს 14-დღიანი კარანტინის გავლა. ამის შემდეგ კი სავალდებულო PCR ტესტის გაკეთება.

 

დღის ამბები