კორონავირუსის ახალი შტამის - "ომიკრონის" საქართველოში გავრცელების მოლოდინი, ბუნებრივია, არსებობს. საქართველო სწორედ იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც საზოგადოებრივი იმუნიტეტი დაბალია, ვირუსის გავრცელების რისკები კი - მაღალი. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა სათადარიგო გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყო. ამირან გამყრელიძე მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად ახალ პროტოკოლს ამზადებს. სათანადო და დროულად მოხდეს ყველა კოვიდ ნიმუშის შესწავლა და გამოვლენა, რათა "ომიკრონის" სავარაუდო შემთხვევები საზოგადოებაში სწრაფად არ გავრცელდეს.
6 დღის წინ აღმოჩენილი ვირუსი უკვე 7 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი შტამის არსებობის შესახებ 25 ნოემბერს გაიგო. მეორე დღესვე სტრატეგიულ ექსპერტთა ჯგუფი შეკრიბა და ახალ შტამს საფრთხის შემცველის კვალიფიკაცია მიანიჭა.
B1.1 529 - მეცნიერული მტკიცებით მსოფლიოში უკვე გავრცელებული ვირუსის 4 ვერ ვარიანტის თვისებების მატარებელია. უკვე არსებული მონაცემებით ახალი შტამი ვრცელდება ახალგაზრდებში. საწყისი სიმპტომი გადაღლილობა, კუნთებისა და სახსრების ძლიერი ტკივილია. "ომიკრონს", სავარაუდოდ, აქვს უნარი, გვერდი აუაროს უკვე არსებულ იმუნიტეტს და რეინფიცირების მაღალი რისკს ქმნის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას რამდენიმე კვირა სჭირდება მსოფლიოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ვირუსის ახალი შტამის თვისებების და მახასიათებლების შესახებ.
ჯერჯერობით, არ არსებობს დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ არსებული ვაქცინები არ ახდენს ზეგავლენას ვირუსის ახალ - ყველაზე საშიშ ფორმაზე, თუმცა პრეპარატის მწარმოებელი კომპანიები საგონებელშია. "ფაიზერი" მზად არის, მოახდინოს საკუთარი ვაქცინის ადაპტირება B1.1 529-ზე. "მოდერნა" მესამე დოზების გაძლიერებას განიხილავს. პრეპარატის სხვა მწარმოებელი კომპანიები ახლადაღმოჩენილ შტამზე ლაბორატორიული ტესტების მონაცემებს ელოდებიან.