მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დილიდან კეთდება პოლიტიკური განცხადებები. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის გივი მიქანაძის თქმით, მოქალაქეების შეკრება საქალაქო სასამართლოსთან სადაც ნსჯავრდებული მე-3 პრეზიდენტის პროცესი მიმდინარეობს ერთგვარი წნეხის ხასიათს ატარებს და შეიძლება პროვოკაციული ხასიათის იყოს.
"პროცესი იცით, რომ წარიმართება სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიით და რა თქმა უნდა, ეს პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭირვალე, წარიმართება იმ კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ადამიანს უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას და საზოგადოება იხილავს ყველა იმ მტკიცებულებებს, ფაქტებს, რომლებსაც სასამართლო განიხილავს.
მოქალაქეების შეკრება ერთგვარი წნეხის ხასიათს ატარებს და შეიძლება პროვოკაციული ხასიათის იყოს, ამიტომ მიზანშეწონილია, რომ მივცეთ საშუალება სასამართლოს, რომ თავისუფალ რეჟიმში ჩაატაროს ის პროცესი რომელიც კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართება,"- განაცხადა გივი მიქანაძემ.
შეგახსენებთ, ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება, რომელსაც ექსპრეზიდენტი პირადად ესწრება. საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილები; პარალელურად, ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა, რა დროსაც აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიას განარიდეს.