კორონავირუსის ახალი შტამი - იგივე "შეშფოთების გამომწვევი", სწორედ ასეთი სტატუსი მიანიჭა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ახალ ვარიანტს - "ომიკრონს", რომელსაც დიდი რაოდენობით მუტაცია აქვს.
"ომიკრონით" ინფიცირებულები 40 წლამდე ასაკის პირები და ძირითადად მამაკაცები არიან. ახლა მსოფლიოს ქვეყნები ელოდებიან კვლევებს, რომელიც მოგვცემს დამატებით ინფორმაციას COVID-19-ის ახალ შტამთან დაკავშირებით. სამხრეთ აფრიკიდან გავრცელებული კორონავირუსის ახალი სახეობა დადასტურდა ევროპის ქვეყნებში. ჯერჯერობით "ომიკრონის" შემთხვევა საქართველოში ოფიციალურად არ დაფიქსირებულა.
ინფექციონისტი გიორგი კამკამიძე მიიჩნევს, რომ საქართველო მთლიანად დაცული ვერ იქნება და კორონავირუსის "ომიკრონის" შტამი ადრე თუ გვიან მაინც შემოაღწევს ქვეყანაში.
ინფექციონისტი არ გამორიცხავს, რომ COVID-19-ის ე.წ. ომიკრონის შტამი უკვე არის ქვეყანაში, უბრალოდ ამის შესახებ არ არის ცნობილი.
"საქართველო რა საკვირველია ვერნაირად ვერ იქნება მთლიანად დაცული და რა საკვირველია ეს ვარიანტიც შემოაღწევს ადრე თუ გვიან საქართველოშიც.
ჩვენთან შედარებით ნაკლები პროპორციით ხდება თვითონ ამ ვირუსის ვარიანტების განსაზღვრა, იგივე სეკვენირების მეთოდით, შესაბამისად შეიძლება უკვე არის კიდევაც ეს ვარიანტი, თუმცა ჯერ არ ვიცით მის შესახებ. რამდენად იცავს თუ არ იცავს ვაქცინა, ჯერჯერობით ეს მონაცემები არ არის, უბრალოდ ამის შესახებ ვმსჯელობთ არაპირდაპირი გზით, რომ გაცილებით მაღალია ვირუსის გავრცელება არავაქცინირებულებში," - აცხადებს გიორგი კამკამიძე.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ნებისმიერი შტამის წინააღმდეგ ქვეყნის მზაობას ვაქცინაციის მაჩვენებელი განსაზღვრავს.
"ერთი, რაც გასათვალისწინებელია - ნებისმიერი მუტაციის და ახალი გამოწვევის წინააღმდეგ ქვეყნის მზაობა, პირველ რიგში ნიშნავს რამდენად მაღალია ვაქცინაციის მაჩვენებელი. ქვეყნები, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები 60%-ზე მეტია, არასოდეს არ წარმოადგენენ მუტაციის წყაროს, ვინაიდან მოსახლეობა, რომელიც მზად არის, რომელიც იმუნოლოგიური დაცვის მაღალი ზღურბლით ხასიათდება, ასეთი ტიპის მოსახლეობაში მუტაციის გავრცელების რისკი არის მინიმალური. ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, მაქსიმალურად ვიყოთ მზად ასეთი ახალი და ახალი მუტაციების. არავინ არ ამბობს, რომ ეს არის ბოლო მუტაცია და ამის შემდეგ კორონავირუსი შეწყვეტს ცვლილებებს," - ამბობს ივანე ჩხაიძე.