20 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
მინუს 1 მილიონი მოთამაშე - კონკრეტულად ვის შეეზღუდება აზარტული თამაშებით სარგებლობის უფლება - ფინანსთა მინისტრის განმარტება

მინუს 1 მილიონი მოთამაშე - მთავრობა ონლაინ სათამაშო ბიზნესს ახალ რეგულაციებს უწესებს. 

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განმარტა, თუ კონკრეტულად ვის შეეზღუდება აზარტული თამაშებით სარგებლობის უფლება და როგორ მოხდება ონლაინ სათამაშო ბიზნესის რეგულირება:

"იგეგმება ერთიანი ასაკობრივი ზღვარის შემოღება, რომელიც არის 25 წელი. ის გავრცელდება როგორც ონლაინ სათამაშო ოპერატორებზე, ასევე ე.წ. ხმელეთის სათამაშო ოპერატორებზე. ეს იქნება ერთიანი ასაკობრივი ზღვარი ყველასთვის. ბუნებრივია, ასაკობრივი ზღვარი არ გავრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ასევე განისაზღვრება პირთა წრე, რომელსაც შეზღუდული ექნება სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება. ამის ადმინისტრირებას შემოსავლების სამსახური განახორციელებს. კერძოდ, სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა შეზღუდული ექნებათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც სახელმწიფოსგან დახმარებას იღებენ, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმით, ასევე გათვალისწინებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით ოჯახის წევრის მიმართვის შემთხვევაში, აღნიშნულ სიაში მოხვდნენ დამატებითი პირები. ჯამში, საქართველოს ერთ მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება, როგორც მომხმარებელს. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს დამატებით კონტროლის მექანიზმების შემოღებას იმისთვის, რომ ეფექტურად მოხდეს ამის ადმინისტრირება, რომელსაც შემოსავლების სამსახური განახორციელებს. განისაზღვრება რიგი რეგულაციები, ეს ეხება როგორც ადმინისტრაციის წესს, ასევე თანხის შეტანისა და გამოტანის წესს მოთამაშის ანგარიშზე. ეს დაიშვება მხოლოდ რეგისტრირებულ პირზე. ასევე შეიზღუდება ერთი მოთამაშიდან მეორე მოთამაშეზე გადარიცხვის შესაძლებლობა, რაც საშუალებას მოგცემს, ეფექტურად მოხდეს აღნიშნული რეგულაციების შესრულება,"- განაცხადა ხუციშვილმა.

დღის ამბები