19 იანვარი 2022,   03:25
ვრცლად
გაუგებარია, რა გარემოებებით იხელმძღვანელა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ - პროკურატურა ზურაბ ზვიადაურის საქმეზე

საქართველოს პროკურატურამ ზვიად ზვიადაურის საქმეზე თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, მამუკა წიკლაურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს. საგამოძიებო უწყებისთვის გაუგებარია, თუ რა გარემოებებით იხელმძღვანელა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, როდესაც მან ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გირაოთი შეცვალა.

განცხადებაში წერია, რომ საქართველოს პროკურატურისთვის გაუგებარია, რას დაეფუძნა და რა გარემოებებით იხელმძღვანელა მოსამართლე მამუკა წიკლაურმა. 

"2021 წლის 29 ნოემბერს, თელავის რაიონულ სასამართლოში, ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, ჩატარდა წინასასამართლო სხდომა, რა დროსაც მოსამართლე მამუკა წიკლაურმა განიხილა ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი. 

სრულიად მოულოდნელად, მოსამართლემ ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეცვალა გირაოთი. 

საქართველოს პროკურატურისთვის გაუგებარია, თუ რას დაეფუძნა და რა გარემოებებით იხელმძღვანელა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა. ბრალდების მხარე, სასამართლო პროცესზე სრულიად დასაბუთებულად ითხოვდა   აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას  და აპელირებდა რეალურ საფრთხეებზე, რაც თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში დაკავშირებულია ბრალდებულთა მიერ შესაძლო ახალი დანაშაულის ჩადენასთან და მოწმეებზე ზემოქმედებასთან.

მიუხედავად ამისა, მოსამართლის მიერ ზემოხსენებული გარემოებები არ იქნა მხედველობაში მიღებული, რის გამოც  განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 50 000 ლარიანი გირაოთი, ხოლო  მეორე ბრალდებულს (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) 5 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა. აღსანიშნავია, რომ წინასასამართლო სხდომაზე მიღებული  გადაწყვეტილება არ საჩივრდება  და ამიტომ მოკლებული ვართ შესაძლებლობას აღნიშნული გადაწყვეტილება გავასაჩივროთ ზემდგომ ინსტანციაში.
ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და მის მიერ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება არ ემსახურება აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულებას.

შეგახსენებთ, რომ ბრალდებულებიდან ერთ-ერთს  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორეს  238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა,  რითაც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია), რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

დღის ამბები