სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის სიახლეა - 2022 წლიდან პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს სატრანსპორტო საშუალებების ტარება და შესაბამისი დავალების შესრულება ჯერ დახურულ მოედანზე, შემდეგ კი ქალაქის გარკვეულ ლოკაციებზე მოუწევთ.
"სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი 2022 წლის 25 აპრილიდან ხდება.
პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე.
გამოცდების რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩატარება წარმოადგენს, როგორც დირექტივის იმპლემენტაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს, ასევე საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ პრევენციულ ინსტრუმენტს, რათა შემცირდეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და ამაღლდეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ცოდნის დონე,"- ნათქვამია საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.