16 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
"ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მოხდეს საქართველოს პროგრესის ცნობა ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით" - რიგაში ნატოს მინისტერიალის მეორე დღეა

რიგაში ნატოს მინისტერიალის მეორე დღეა. სპეციალურ სესიაზე, ასპირანტი ქვეყნების სტატუსით, საქართველო და უკრაინა არიან მიწვეულები. ლატვიაში დავით ზალკალიანი იმყოფება. ის ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სესიაზე, კოლეგებს სიტყვით მიმართავს.

უკრაინისა და საქართველოს დიპლომატები რიგის მინისტერიალზე ალიანსმა მიიწვია.

დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები იქნება.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სესიაზე დასწრება, ძალიან მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, ქვეყნისთვის კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ ისაუბროს მოლოდინებზე მომავალი წლის ნატოს სამიტისთვის.

"ჩვენი, როგორც ასპირანტი ქვეყნის აქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს წარმოადგენს ნატო საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მოხდეს საქართველოს პროგრესის ცნობა ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით. ცხადია გვაქვს ყველა პრაქტიკული ბერკეტი წევრობისთვის, ვთანამშრომლობთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით. საქართველო იყო ავღანეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი. ჩვენ ერთად შევედით ავღანეთში და ერთად გამოვედით. საქართველოს წვლილი გამოსვლის პროცესში მნიშვნელოვანია, როგორც ტრანზიტული ქვეყანა ნატოელ მოკავშირეებს დავეხმარეთ ევაკუაციაში.

მჯერა რომ გვაქვს კარგი შესაძლებლობა ვისაუბროთ ჩვენ მოლოდინებზე მომავალი წლის ნატოს სამიტისთვის. იმედი გვაქვს, რომ ის პროგრესი რაც საქართველოს აქვს წევრობის მიმართულებით აისახება გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციებში როგორც დღეს ისე მომავალ სამიტზე,“ - აცხადებს დავით ზალკალიანი.

ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოვიდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრი კულება.

"მე აქ მოვედი რადგან მოკავშირეებმა მომიწვიეს და ეს ჟესტი ძალიან დასაფასებელია უკრაინაში. ჩვენ პარტნიორებს მივაწოდებთ განახლებულ ინფორმაციას უსაფრთხოების სიტუაციაზე უკრაინის საზღვართან მიმართებაში, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ასევე, რუსეთის მცდელობებზე, მოახდინოს უკრაინის დესტაბილიზაცია შიგნიდან და განახორციელოს ზეწოლა ყველა მიმართულებით.

ჩვენ მოვუწოდებ მოკავშირეებს შეუერთდნენ უკრაინას და ერთად ჩამოყალიბდეს ე.წ შეკავების პაკეტი. ზოგიერთ მოკავშირეს დრო დასჭირდება აღიაროს რომ უკრაინის გარეშე ნატოს აღმოსავლეთ ფლანგი იქნება უფრო სუსტი. თუ უკრაინას პრობლემა შეექმნება, ეს ნიშნავს რომ ნატოს მთლიან აღმოსავლეთ ფლანგს გაუჭირდება. რუსეთის გაძლიერებული პოზიციები რეგიონში იქნება პირდაპირი საფრთხე ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგისთვის. ჩვენ ვმუშაობთ მოკავშირეებთან, ვატარებთ საჭირო რეფორმებს. ეჭვი არ მაქვს რომ წევრობა გარდაუვალია, მაგრამ ამას დრო დასჭირდება,“ - აცხადებს დმიტრი კულება.

პარალელურად, მინისტერიალამდე ერთი დღით ადრე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსდა განცხადება, რომელშიც წერია, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და ალიანსის ღია კარის პოლიტიკას.

რიგაში მინისტერიალი დღეს დასრულდება. 

დღის ამბები