16 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
"ლელომ" და "რეფორმების ჯგუფმა" კანონპროექტი ერთად მოამზადა, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ უსამართლო სასამართლოს - ანა ნაცვლიშვილი

"ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, "ლელომ" და "რეფორმების ჯგუფმა" კანონპროექტი ერთად მოამზადა, რომელიც სამართლიანი სასამართლოს პრინციპს შეეხება.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა შეჩერებულიყო, უნდა ჩატარებულიყო რეფორმების შეფასება და შემდეგ უნდა მომხდარიყო ახალი ჯანსაღი სისტემით ადამიანების გამწესება სასამართლოში.

"ღმერთმა შეარგოთ ის კლანური სასამართლო, რომელიც გადმოიბარეს წინა ხელისუფლებიდან და რომელსაც ყველაფრის ფასად ინარჩუნებენ.

"ლელომ" და "რეფორმების ჯგუფმა" კანონპროექტი ერთად მოამზადა და ასახავს, როგორ უნდა ვებრძოლოთ უსამართლო სასამართლოს და როგორ შეირჩნენ მოსამართლეები ისე, რომ მათ საზოგადოების ნდობა ჰქონდეთ და არა მმართველი გუნდის," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერისა და რეფორმების წევრის, გიორგი ვაშაძის თქმით, საზოგადოებამ უნდა იბრძოლოს, რომ სამართლიანი მართლმსაჯულება მოიპოვოს.

"ამბობდნენ, რომ ოპოზიციას არავითარი ალტერნატივა არ წარმოუდგენია და არაფერი განსხვავებული არ შემოუთავაზებია, მაგრამ კარგად იციან ამ ცვლილებების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს გააფორმეს კიდევ ერთხელ კლანური მართლმსაჯულება, ჩვენ არც ერთ შემთხვევაში უკან არ უნდა დავიხიოთ," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

პარტია "მოქალაქეების" წევრის, ლევან იოსელიანის შეფასებით კი, მოსამართლეობის კანდიდატები არ იმსახურებდნენ უვადოდ უზენაეს სასამართლოში გამწესებას.

ცნობისთვის, პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა.  უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ: ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი, გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე.

დღის ამბები