9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმის განხილვის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე. შენობის უკანა მხარეს სპეციალური ეკრანი დაამონტაჟეს, რომლის მეშვეობითაც ადგილზე შეკრებილი ადამიანები, სასამართლო პროცესის პირდაპირ ტრანსლირებას ადევნებდნენ თვალს.
ტერიტორიაზე მოქალაქეები პატიმარი ექსპრეზიდენტის მხარდასაჭერი წარწერებით და საქართველოს დროშებით მივიდნენ. სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. შენობის ყველა შესასვლელს ამ დრომდე პოლიცია იცავს.
მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონის გაფლანგვის საქმეზე, ბოტოქსის პროცედურა სამკურნალო თვალსაზრისით იყო ჩატარებული.
"მიხეილ სააკაშვილის სიტყვამ ყველაფერს წერტილი დაუსვა ყველა იმ ინსინუაციას, რაც ამ საქმეზე წარმოდგენილ ხარჯებს ეხება. ელემენტარული ბოტოქსი, ბოტოქსიოს რომ გაიძახიან, მიხეილ სააკაშვილმა ძალიან მკაფიოდ ახსნა თუ რა სამკურნალო საშუალებებთან დაკავშირებით იყო ეს ხარჯი გაწეული. თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, იქნება ეს გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი თუ იქნება ეს მიხეილ სააკაშვილი, სამედიცინო პროცედურებს უნდა იტარებდეს თავისი 3 000 ლარიანი ხელფასით, მაშინ ჩვენ სახელმწიფოს მოწყობაზე, სახელმწიფოს მეთაურზე, უმაღლეს მთავარსარდალზე წარმოდგენა არ გვქონია," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან გაფლანგულ თანხაში არაფერი კორუფციის მსგავსი არ არის, ვინაიდან ეს თანხა ისევ სახელმწიფოს მოხმარდა.
"ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურის ინტერპრეტაცია, რომელიც პრაქტიკულად პროპაგანდის ნაწილად იქცა ამ ხელისუფლების პირობებში და მეორე არის სამედიცინო შეფასებები. ჩვენ იქ არ ვნახულობთ ამ კლინიკების სამედიცინო შეფასებას და სამედიცინო დასკვნებს, რა პროცედურებს უკავშირდება, ეს ფუფუნება არის თუ სამკურნალო პროცედურებია. ხელისუფლებას აწყობს, რომ ამ კლიშეებში საზოგადოების ყურადღება გამახვილდეს და რეალურ საქმეს, ფაქტობრივ გარემოებაზე, იმაზე, რომ აქ კორუფციული საერთოდ არაფერი არ არის, როდესაც პირად სარგებელს არ ღებულობ, სახლში არ მიგაქვს და ყველაფერი სახელმწიფოს მიზნებისთვის კეთდება. ამის განხილვა რა თქმა უნდა "ოცნებას" არ აწყობს," – აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი რომან გოცირიძე კი მოითხოვს, რომ მოხდეს ყველა პრეზიდენტის ხარჯების გასაჯაროება, ვინ რა თანხას ხარჯავს და რაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
"კოლოსალურ გაფლანგვასთან გვაქვს საქმე და აგერ 9 მილიონი წარმომადგენლობითი ხარჯების ირგვლივ მიდის აბსურდული პოლიტიკური პროცესი. გასაჯაროვდეს ყველა ხარჯები, ყველა პრეზიდენტის, ვინ რამდენი დახარჯა," - ამბობს რომან გოცირიძე.
ავტორი: სანდრო კაჭახიძე