დღეს კანონმდებლები 2021 წლის კორექტირებული ბიუჯეტის ვერსიას უყრიან კენჭს. საუბარია ფინანსურ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის სამინისტროს ხარჯები 376 მილიონით იზრდება, რაც ძირითადად უკავშირდება კოვიდინფექციით გამოწვეულ საჭიროებებს.
ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ბიუჯეტი მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან სფეროს, რაც უშუალოდ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობასთან.
"წარმოვადგინეთ პარლამენტის წინაშე ინიციატივა, გამოიყოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის დამატებითი თანხები იმისათვის, რომ სრულად დაფინანსდეს ის აუცილებელი ხარჯები, რაც უკავშირდება ინფიცირებული მოქალაქეების მკურნალობას, ტესტირებას, საწოლების მობილიზებას, ჩართული მედპერსონალის დანამატებს და ა.შ. ეს არის ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც მოხდა ცვლილებები. რაც მნიშვნელოვანია, ვალის 60%-ით დავიწყეთ ჩვენ წელი, ვამთავრებთ 51%-ით დაახლოებით, ასევე დეფიციტი დავიწყეთ 7.6%-ით და ვასრულებთ 6.7%, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის," - აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, საპარლამენტო მდივანი გიორგი კაკაურიძე.
საპირისპიროს ამტკიცებენ ოპოზიციაში. ოპონენტები მმართველ გუნდს სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური მაჩვენებლის გაუმჯობესების გეგმას უწუნებენ. მათი თქმით, ერთადერთი პოზიტიური ცვლილება მთავარ ფინანსურ დოკუმენტში თავდაცვის სამინისტროსთვის გაზრდილი ხარჯებია, რაც აუცილებელია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.