16 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
"კურიერის" კითხვა რუსეთის პირველ დიპლომატს - სერგეი ლავროვი NATO-ს გაფართოებასთან დაკავშირებით მუქარანარევ განცხადებებს აკეთებს

მოსკოვი ისევ იმუქრება. ეუთოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სესიაზე მთელი ყურადღება დღეს რუსეთის ნომერ პირველი დიპლომატისკენ არის მიმართული, რომელმაც დღეს ცეცხლთან თამაში უწოდა NATO-ს გაფართოებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს სტოკჰოლმში განაცხადა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან, ნაღმია, რომელიც 2008 წლის აგვისტოში უკვე აფეთქდა.

მოსკოვი აცხადებს, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნების გადაქცევა მასთან წინააღმდეგობის პლაცდარმად და NATO-ს ჯარების განთავსება რუსეთის უსაფრთხოებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რაიონებთან, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მოსკოვი უკვე ორი დღეა მსგავს განცხადებებს აკეთებს და დასავლეთისგან გარანტიებს ითხოვს.

ლავროვს შეკითხვა ამ კუთხით ცოტა ხნის წინ "კურიერმაც" დაუსვა.

"ჩემთვის ნაცნობია ის მანტრა, რასაც NATO იმეორებს, ადრე სტოლტენბერგმაც გააჟღერა, რომ მხოლოდ NATO-ს, საქართველოს და უკრაინის გადასაწყვეტია, გაწევრიანდებიან თუ არა, ეს ქვეყნები ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში, არავის აქვს ჩარევის უფლება - ეს არის ამ კონკრეტული ქვეყნების ჯგუფის დეკლარირებული პოზიცია.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სამართალში არის რამდენიმე შიდა პოსტულატი, რომელსაც ყველა აღიარებს, თითოეულ სახელმწიფოს აქვს სრული უფლება, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების, ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ფორმა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს ვალდებულება, რომელიც ხელმოწერილია უმაღლეს დონეზე, ჩვენი და დასავლელი პარტნიორების, უკრაინის და საქართველოს მიერ, რომ უსაფრთხოება განუყოფელია და არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე," - განაცხადა სერგეი ლავროვმა "კურიერის" კითხვის პასუხად.

დღის ამბები